პაატა კლდიაშვილი: „მივიღე გამოწვევა და დავთანხმდი ამ პოზიციას"
"ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" იმერეთის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. იგი ქალალქის მერმა აღნიშნული სამსახურის 2014 წლის ანგარიშის მოსმენისას წარადგინა.
- როგორ მოხდა თქვენი ამ თანამდებობაზე დანიშვნა?
- რომ არ ყოფილიყო აზრთა თანხვედრა, ვერ დავთანხმდებოდი აღნიშნულ თანამდებობას. როცა ეს შემოთავაზება მივიღე, განვიხილე ჩემს მეგობრებთან ერთად. გავიაზრე რა ფუნქცია-მოვალეობები აქვს ამ სამსახურს, რა გამოწვების წინაშე დგას. მე ვიცი, რომ აქ საკმაოდ ბევრი საქმეა გასაკეთებელი, თუმცა მივიღე გამოწვევა და დავთანხმდი ამ პოზიციას.
- რა გეგმები გაქვთ ქალაქის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით?
- ბუნებრივია, ჩვენი გეგმები ქალაქის ეკონომიკური განვითარებას უკავშირდება. აღნიშნული ხედვა, რაც მე მაქვს, სრულ შესაბამისობაშია ქალაქის ხელმძღვანელობის ხედვასთან. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთიანი ხედვა, თუ რა კუთხით უნდა წარიმართოს სამსახურის საქმიანობა, რა აქტივობები უნდა განვახორციელოთ ქალაქის ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, როგორ მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა უნდა იყოს პრიორიტეტული ქალაქის მუნიციპალური ქონების მართვის შემთხვევაში. მე იმედი მაქვს, საზოგადოების მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ ეს სამსახური გახდეს ერთ-ერთი წარმატებული.
- "ქალაქის ეკონომიკურ განვითარების გეგმასთან" დაკავშირებით ადრე გქონდათ რეკომენდაციები, რას აპირებთ ახლა?
- ჩვენ გვქონდა არა მარტო რეკომენდაციები, „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას" ჰქონდა შემუშავებული ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმის სამუშაო ვარიანტები, მაგრამ მაშინ ვერ მოხდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ვერ მოხერხდა ის, რომ გეგმა დამტკიცებულიყო საკრებულოს მიერ და გამოყენებულიყო როგორც ძირითადი სამოქმედო დოკუმენტი. მე იმედი მაქვს, რომ ამ გეგმას ერთობლივი ძალებით სისრულეში მოვიყვანთ.
- რა მნიშვნელოვან საკითხებს გამოყოფდით ამ გეგმიდან?
- საბოლოო ჯამში, გეგმაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ასახული. ეს არის ინვესტიცების მოზიდვის, ქონების აღრიცხვისა და განკარგვის მიმართულება. დამატებით, ტურისტების მოზიდვა და ყველა იმ აქტივობის განხორციელება, რამაც უნდა მოგვცეს ქალაქში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომელიც, საბოლოო ჯამში, თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე აისახება.
ავტორი: ანა ჯიქია