"პარლამენტის თბილისში გადატანის საკითხის განხილვა სამი თვით შეჩერდა"
ბესიკ მიქელთაძემ შიმშილობა შეწყვიტა. როგორც მან განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ საკითხის განხილვის სამთვიან მორატორიუმზე შეთანხმდნენ.
"ორივე მხარეს სამთვიანი მორატორიუმი გვაქვს, ისინი არ მოახდენენ პარლამენტის თბილისში გადატანის საკითხის განხილვას, თუ ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებაც მეტ აქტიურობას გამოიჩენს, მეტად შევძლებთ ამ საკითხის მხარდაჭერას"-განუცხადა "ნიუპრესს" ბესიკ მიქელთაძემ.
მისი თქმით, გუშინ ორჯერ შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, დაპირება პირადად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძისაგან მიიღო.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა სამბოში ბესიკ მიქელთაძემ გუშინ პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყო. როგორც ის აცხადებდა, ვიდრე პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის გადაწყვეტილება არ შეიცვლება, შიმშილობას არ შეწყვეტდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე