|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნასამართლევი დეპუტატი საარჩევნო სიაშია, გაკვირვებულები ვართ ბიძინას დემოკრატიით"

"ქართული ოცნების" ქუთაისის საკრებულოს პროპორციული სიის ათეულში ამჟამინდელი საკრებულოს ორი წევრი მოხვდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია მმართველმა გუნდმა სიის პირველ ნომრად წარადგინა.  მეექვსე ნომრად  ლაშა გვენეტაძე წარადგინეს. ლაშა გვენეტაძე, რომელიც მოქალაქის ჯგუფურად ცემის გამო პატიმრობაში იმყოფებოდა,  აგვისტოში ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. გათავისუფლებამდე მას მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი შეუჩერდა.

გვენეტაძის საარჩევნო სიაში მოხვედრამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარე გია გოქაძე აცხადებს, რომ გაკვირვებულია "უნიკალური დემოკრატიით".

"ნასამართლევი დეპუტატი საარჩევნო სიაშია, გაკვირვებულები ვართ ბიძინას უნიკალური დემოკრატიით. არაფერი დამიწერია მაშინ, როცა დაიჭირეს, მაგრამ ამ ფაქტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამაზრზენიცაა და გაოგნებულიც ვარ, რადგან, რაღაც ახალ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ლაშა გვენეტაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9-თვიანი პატიმრობა მიმდინარე წლის 24 მაისს შეუფარდა. ახლა კი ის "ქართული ოცნების" საკრებულოს პროპორციული სიის მე-6 ნომერია. დღეს რომელი ხართ ლაშა გვენეტაძე, თუ შეძლებთ ხელი აწიეთ და დამენახეთ", - აცხადებს გია გოქაძე.

არსებული საარჩევნო კოდექსით, საარჩევნო სიაში ყოფნა და კანდიდატობა არ ეკრძალება ნასამართლევს პირს. კოდექსში შეტანილი ცვლილებით, შეზღუდვა ვრცელდება საჯარო მოხელეზე და არა პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სადაც სხვაგვარი რეგულაციები მოქმედებს. კოდექსის მიხედვით, ამ დროისთვის ლაშა გვენეტაძის მიმართ, რაიმე სახის შეზღუდვა არ მოქმედებს. 

ლაშა გვენეტაძის განცხადებით, ის წინა მოწვევის საკრებულოში "მრეწველების" სიით იყო. ამიტომ წელსაც, რადგან მმართველ გუნდთან ერთად მონაწილეობენ არჩევნებში, მისი კანდიდატურა მისმა პარტიამ წარადგინა. რაც შეეხება ინფორმაციას მის ნასამართლეობასთან დაკავშირებით, ლაშა გვენეტაძის თქმით, მას კანონმდებლობა არჩევნებში მონაწილეობას არ უკრძალავს.

"მე 1999 წლიდან ვარ "მრეწველების" სიაში, მამაჩემი იყო პარტიის თავმჯდომარე, ვინაიდან ჩვენი პარტია გაერთიანებაშია "ქართულ ოცნებასთან", ჩემი კანდიდატურა ჩემმა პარტიამ წარადგინა. რაც შეეხება ჩემს ნასამართლეობას, მე კანონი არ მიკრძალავს არჩევნებში მონაწილეობას", - განაცხადა ლაშა გვენეტაძემ. მისივე თქმით, განვითარებული მოვლენების გამო მას სირთულეს არ შექმნია. 

"მე შევხვდი ჩემი უბნის მოსახლეობას და მათ გამოთქვეს სურვილი, მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში. სულხან-საბას ოლქში ჩვენ სხვა კანდიდატი გვყავს, მაგრამ მე ვიქნები ამ ადამიანების ინტერესების გამტარებელი საკრებულოში და ამ ოლქს ეყოლება ორი მაჟორიტარი", -განაცხადა ლაშა გვენეტაძემ.

ლაშა გვენეტაძე 6 თებერვალს დააკავეს, მის დაკავება ქუთაისის საკრებულოს წევრებმა  გააპროტესტეს.  

 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი