|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნება" ამ არჩევნებში გაიმარჯვებს თუ არა, მაინც დამთავრებულია"-გოგი წულაია

"ქართული ოცნება" ამ არჩევნებში გაიმარჯვებს თუ არა, მაინც დამთავრებულია - აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, გადაწყვეტილების მიღება უჭირს, თუმცა, როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, მისთვის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვება უფრო მისაღებია.  

"დილემის წინაშე ვართ. "ქართულმა ოცნებამ" ითამაშა მიშას თამაში და კი ხედავთ, რა სიტუაციაა - "შუა გაკრეფილია", პოლარიზებულია.  ადამიანები ხვალინდელი დღის შიშით არიან დაზაფრულები, ეს მივიღეთ შედეგად და ამ ფონზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია. თუმცა, "ქართული ოცნება" ამ არჩევნებში გაიმარჯვებს თუ არა, მაინც დამთავრებულია. თუ ჭკვიანად იქნებიან, შეიძლება 2 წელი მაინც გაძლონ, თუ არა და ძალიან მალე მიიღებენ რიგგარეშე არჩევნებს, მაგრამ თუ მიშა რევოლუციური ტალღით მოვა, მერე იმას კიდევ 9 წელი ვეღარავინ დაძრავს", -განაცხადა გოგი წულაიამ "ნიუპრესთან" საუბარში. 

კითხვაზე, იზიარებს თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებას, რომ ოპოზიცია "არჩევნების მესამე ტურის ქუჩაში" გამართვას გეგმავს, წულაია აცხადებს, რომ ამის მიზეზი ხელისუფლებამ ოპოზიციას არ უნდა მისცეს. 

 "თუ კი სააკაშვილის მიეცემა საშუალება, გაყალბების შესახებ რეალური მტკიცებულებები დადოს, მაშინ მას მიეცემა შესაძლებლობა ქუჩის აქციები დაიწყოს. ასეთი გზით მოსული მიშა პარლამენტშიც უმრავლესობით მოვა...  მე მაინც მირჩევნია ხელისუფლებამ  ჭკუა ისწავლოს და ერთი წლის შემდეგ ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები, რომ სხვა პარტიებსაც შესაძლებლობა მიეცეს მოემზადონ და ასე მოხდეს ხელისუფლების ცვლა". 

რაც შეეხება პარტიის პოზიციას, წულაია აცხადებს, რომ პარტიაში ამ საკითხთან ერთიანი პოზიცია არ არის და ყველა ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. " ვინც დააფიქსირა პოზიცია, რომ სალომეს უჭერს მხარს, დაჭერილები იყვნენ მიშას დროს, ამიტომ მათი პოზიცია გასაგებია. ისედაც მრავალრიცხოვანი პარტია არ გვაქვს და მაგის გამო რომ გავრიცხოთ ხალხი, დავრჩებით მარტო მე და კუკავა", -განაცხადა გოგი წულაიამ.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე