|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის #29–ე საბავშვო ბაღი - მიტოვებული შენობა გაურკვეველი პერსპექტივით

ქუთაისის #29–ე საბავშვო ბაღი კვლავ უფუნქციოდაა. ბაღის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2017 წელს იგეგმებოდა. სწორედ ამ მიზეზით მოხდა ბაღის დაცლა და ბავშვების გაყვანა. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია ბაღის გაყიდვის შესახებ. თუმცა იმჟამინდელი მერი კატეგორიულად უარყოფდა შენობის გასხვისებას. თვითმმართველობაში აცხადებდნენ, რომ შენობის რეაბილიტაცია მოხდებოდა.

მიმდინარე წელსაც, ბაღის აღსაზრდელები სასწავლო წელს სპეციალურად დაქირავებულ კერძო სახლში გაატარებენ. თუმცა  არსებული ინფრომაციით, გაზრდილი ნაკადის გამო შენობაში ბავშვები ვერ ეტევიან, ამიტომ გაერთიანების გადაწყვეტილებით, ახალ შენობაში გადადიან.

ადგილობივები ბაღის შენობის უფუნქციოდ ყოფნას და ბავშვების მცირე ტიპის შენობაში გადაყვანას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ბავშვები ვერც თამაშობენ, რადგან ახალ ბაღში ეზო არაა.

"დააბრუნონ ბაღი, არაფერი დიდი რეაბილიტაცია არ არის აუცილებელი, ნორმალური შენობაა. მას შემდეგ, რაც გაუქმდა ბაღი უბანი შეიცვალა. აქ ბავშვები თამაშობდნენ, მათი ჟრიამული ისმოდა, ახლა კი ყველაფერი მიყუჩებულია. ახალ შენობაში ვერ ეტევიან ბავშვები და ამხელა შენობა ტყუილად დგას"–აცხადებენ ადგილობრივები.

მათი თქმით, უყურადღებოდ მიტოვებული შენობა გაძარცვეს და არსებული ინვენტარისგან არაფერი დარჩა. შენობის შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაციას თავადაც ფლობენ. ეჭვობენ, შენობის რეაბილიტაციაც ამიტომ არ მიმდინარეობს, რადგან პრივატიზება არის დაგეგმილი.

შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია არ ადასტურებენ მერიაში. პრესსამსახურის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, რადგან ბაღი ამ დროისთვის გასაყიდი შენობების ნუსხაში არაა. რაც შეეხება რეაბილიტაციას, აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტში თანხა ვერ მოიძებნა და სავარაუდოდ, რეაბილიტაციას მომავალ წელს მოახდენენ, ამისთვის ბიუჯეტში თანხის მობილიზებაც მოხდება.

ქუთაისის #29–ე საბავშვო ბაღი ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ყოფილი "მაუდის" ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი რეაბილიტაციისთვის სპეციალური პროექტის შედგენა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ნებართვით მოხდება.

ამჟამად შენობა დაცლილია, მეორე სართულზე ჩამოხსნილია ფანჯრები. შენობაში არსებული მდგომარეობის გადაღება დაკეტილი ჭიშკრის გამო ვერ მოხერხდა.

შენობის მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია, რაც ადგილობრივების თქმით, საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა არსებული ინფორმაციით, ეზო გაიყიდა და რას აპირებს კერძო მფლობელი, ცნობილი არაა.

ქუთაისში ააიპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" 37 ბაღია. გაზრდილი ნაკადის გამო 2016 წელს ორი საბავშვო ბაღი აშენდა, თუმცა ბავშვების სრულად მომსახურეობა მაინც ვერ ხერხდება. ამასთან, რამდენიმე ბაღზე მიშენება მოხდა. დაგეგმილი იყო მიშენება ორ ბაღზე, თუმცა დაწყებული სამუშაოები შეჩერდა, კომპანიას ჯარიმა დაეკისრა და სამუშაოების დასრულების მიზნით, ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ტენდერი არ შედგა. მერიამ განმეორებითი ტენდერი გამოაცხადა.

ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 24 სექტემბერს განახლდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი