ქუთაისის მერია ახლადგახსნილი სკეიტპარკის ღობის აღსადგენად 14 ათასამდე ლარს დახარჯავს
ქუთაისის მერიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ახლადგახსნილი სკეიტპარკის მოედნის დაზიანებული შემოღობვის აღდგენის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისათვის ქუთაისის მერია 14 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს.
ელექტრონული ტენდერის NAT190006837 პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაზიანებული შემოღობვის მოხსნა და ახალი ღობის გაკეთება ევალება, სახელმწიფო შესყიდვის საწყისი თანხა 13 957 ლარს შეადგენს.
წინადადებების მიღება 12 აპრილს იწყება და 15 აპრილს მთავრდება.
შეგახსენებთ, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სკეიტპარკი გასული წლის სექტემბერში გაიხსნა, სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 197 000 ლარით დაფინანსდა. მოკლე ხანში კი გაირკვა, რომ ახლადგახსნილი პარკის ღობე და ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. საკითხი ბრიფინგზე "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლებმა გააჟღერეს. როგორც მათ განაცხადეს, პარკში სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. მათივე განცხადებით, არსებული ხარვეზები შემსრულებელ კომპანიას უნდა გამოესწორებინა, უხარისხოდ შესრულებული პროექტის ჩაბარებისათვის კი კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დასმულიყო. როგორც მაშინ მერიაში განაცხადეს, მოხდებოდა დაზიანებული ღობის შეკეთება.
რა სამუშაოები ჩატარდა სკეიტპარკში ხარვეზების გამოსასწორებლად და რატომ გახდა შემოღობვისათვის ახალი ტენდერის გამოცხადება საჭირო, "ნიუპრესი" პასუხს ქალაქის მერიიდან ელოდება.
სკეიტპარკის მოწყობის სამუშაოები "შპს დაკმა" შეასრულა.
ავტორი: ნიუპრესი