|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია კომპანიას ორი სართულის დემონტაჟით ემუქრება

ქუთაისის მერიამ უკონტროლო მშენებლობების მონიტორინგი დაიწყო. თემას ახალი მერი განცხადებით გამოეხმაურა და განმარტა, რომ ქალაქში უკონტროლო მშენებლობებს არ დაუშვებს. კომპანია კი, რომელიც მერიის კრიტიკის ობიექტი გახდა, საწინააღმდეგოს აცხადებს და ირწმუნება, რომ მშენებლობა კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.

მერიის გავრცელებულ განცხადებაში თამარ მეფის 10 ნომერში მიმდინარე მშენებლობა მოხვდა. ქალაქის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში მრავალბინიანი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობას შპს ,,სახლი #1" აწარმოებს. 

როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ობიექტის შემოწმებით დადგინდა, რომ მშენებლობა შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის და პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.  უმნიშვნელოვანეს დარღვევას წარმოადგენს ის, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შეთანხმებულია, როგორც 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი სარდაფით და კომერციული ფართით, რეალურად კი აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დასავლეთ მხარე წარმოადგენს 7-სართულიან შენობა-ნაგებობას. ამ და სხვა დარღვევების პროექტის შესაბამისობაში მოსაყვანად, 2017 წლის 14 დეკემბერს აღნიშნულ სამშენებლო კომპანიას ჩაბარდა მითითება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება მოხდება.

"ნიუპრესი" ფართის მფლობელებს გაესაუბრა. მათი განცხადებით, მერიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან მათი თქმით, მშენებლობის დროს პროექტში კორექტირება მიმდინარეობს და ამის შესახებ  ქალაქის შესაბამის სამსახურსაც მიაწოდეს ინფორმაცია. 

"მშენებლობა მიმდინარეობს კანონშესაბამისად. ადგილზე ნებართვა გაცემული იყო ხუთ სართულზე, შემდგომ მოხდა კორექტირება და დაემატა ტერასული ორი სართულის. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა მშენებლობაში. ამის შესახებ ინფორმირებულია მერია. თავდაპირველად არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, თუმცა ახლა პრობლემა მოგვარდა", -განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა.  მათი თქმით,  არ მოხდება მიშენების დანგრევა, თუმცა აცხადებენ, რომ დეტალურ ინფორმაციას მათი ადვოკატი მოგვაწვდის, რომელთან გასაუბრებაც ჯერჯერობით ვერ შევძელით.

თამარ მეფის 10 ნომერში მიმდინარე მშენებლობას ამ დრომდე უკანონოდ თვლიან მერიაში. მერიის ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენელთა განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ამ დრომდე მერიაში პროექტის კორექტირებაზე განმარტება არ შესულა.

"ტყუილია, რასაც ისინი ამბობენ. ამ დრომდე მერიაში არ ყოფილა განცხადება შემოტანილი კორექტირებაზე. მათ აქვთ მხოლოდ ხუთი სართულის ნებართვა", -აცხადებენ მერიაში და ადასტურებენ, რომ უკანონი მშენებლობის გამო კომპანია 1000 ლარით დაჯარიმდა. მათივე ინფორმაციით, თუ მშენებლობის დემონტაჟი ნებაყოფლობით არ მოხდა, კომპანიის წარმომადგენლებს ორი სართული დემონტაჟი იძულებით მოუწევთ.

"დაჯარიმდა კომპანია 1000 ლარით და დაევალა დემონტაჟი, თუ ნებით არ მოხდება, იძულებით დაინგრევა. ვერ მოხდება შეთანხმება ამ ორ სართულზე, რადგან თავის დროზეც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც ნებართვა მხოლოდ  ხუთ სართულზე გასცა, რადგან არსებულ სივრცეში სხვა ტიპის მშენებლობა არ შეიძლება", -აცხადებენ მერიაში. 

ქუთაისის მერი მოუწოდებს კომპანიებს მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან სამშენებლო ნორმები.

,,არ დავუშვებთ ჩვენს ქალაქში, უკანონო მშენებლობებს და მსგავს შემთხვევებთან ვიქნებით შეურიგებელნი. ამიტომ ყველა სამშენებლო კომპანიას მოვუწოდებ მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან სამშენებლო ნორმები. არ დაარღვიონ წესები და პატივი სცენ შეთანხმების ყველა დეტალს. ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის პერიოდი, როცა მენაშენეები თუ სამშენებლო კომპანიები საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ და პატივს არ სცემენ წესებით შედგენილი პროექტის ნორმებს. ჩვენ არ დავუშვებთ ქალაქის ისტორიული ნაწილის იერსახის დამახინჯებას, არცერთი კომპანიის ინტერესებისთვის,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

 

,არ დავუშვებთ ჩვენს ქალაქში უკანონო მშენებლობებს"-გიორგი ჭიღვარია

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა