ქუთაისში კომპანიის "სახლი #1" ტერასული სართულების დემონტაჟი იძულების წესით მოხდება
ქუთაისის მერია უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისთვის 70 828 ლარიან ტენდერს აცხადებს. ტენდერის თანახმად, თამარ მეფის ქ. #10/12-ში მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სანაბართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის დემონტაჟი უნდა მოხდეს, კერძოდ, ორი ტერასული სართულის.
მიმწოდებელმა მშენებლობის დემონტაჟის სამუშოები უნდა განახორციელოს 2018 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, კომპანიამ გაფრთხილების მიუხედავად არ მოახდინა დემონტაჟი, რის გამოც, მის მიმართ კანონის იძულების წესით ამოქმედება მოხდება.
"ჩვენ დავიწყეთ აქტიური ბრძოლა უკანონო მშენებლობების მიმართ. კომპანიამ "სახლი#1" არ გაითვალისწინა გაფრთხილება და არ მოახდინა ორი სართულის დემონტაჟი, რის გამოც კანონის იძულების წესით ამოქმედება მოხდება. რაც შეეხება თანხას, სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონი ავალდებულებს კომპანიას დემონტაჟზე გაწეული ხარჯი სრულად აანაზღაუროს. შესაძლოა, პირველადი ხარჯი გავწიოთ, მაგრამ სრული თანხა ანაზღაურდება კომპანიის მიერ"-განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
სახლი #1 უნებართვო მშენებლობის გამო მერიამ გასული წლის დეკემბერში გააფრთხილა.
როგორც ქალაქის მერიაში აცხადებდნენ, ობიექტის შემოწმებით დადგინდა, რომ მშენებლობა შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის და პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა. უმნიშვნელოვანეს დარღვევას წარმოადგენს ის, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შეთანხმებულია, როგორც 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი სარდაფით და კომერციული ფართით, რეალურად კი აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დასავლეთ მხარე წარმოადგენს 7-სართულიან შენობა-ნაგებობას.
კომპანიამ განმეორებით მიმართა მერიას ნებართვისთვის, თუმცა, როგორც მერიიდან , ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან უარი მიიღო. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მათი მშენებლობა კანონიერი იყო, თუმცა ამას არ ადასტურებდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, საიდანაც კომპანიას ორი სართულის მშენებლობაზე უარი რამდენჯერმე მიიღო.
ქუთაისის მერია კომპანიას ორი სართულის დემონტაჟით ემუქრება
,,არ დავუშვებთ ჩვენს ქალაქში უკანონო მშენებლობებს"-გიორგი ჭიღვარია
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი