|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში მომხდარი ტრაგედიის სასამართლო განხილვა გადაიდო

  ხარაგაულის სოფელ ხუნევში  მომხდარი  ტრაგედიის  განხილვა, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეისათვის იყო  ჩანიშნული,  გადაიდო. საქმეს, რომელიც 20 წლის რეზო ლ-ს მიმართ  სსკ-ის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა აღძრული,  მოსამართლე მაკა გორგოძე განიხილავს. 

განსასჯელს ბრალად 11 წლის მეზობელი ბიჭის გაუპატიურება და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება.

როგორც "კვირის პალიტრა" წერს,  საქმეში ახალი ბრალდება გაჩნდება.  გარდაცვლილის დედამ  განაცხადა, რომ ბიჭუნამ თავი კი არ ჩამოიხრჩო, არამედ მოკლეს. "მე ხელთ მაქვს მტკიცებულება, რომელზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უკვე დაწერა დასკვნა და სწორედ ამის საფუძველზე დაინიშნა პროცესი.  ექსპერტიზამ განაცხადა, რომ ნამდვილად ჩემს შვილს ეკუთვნის წერილი, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა.

ჩემი საბრალო ბიჭი მათემატიკის რვეულის ნაგლეჯზე წერდა: "დედა, ძალიან მინდა ჩემი გასაჭირი გითხრა. მეშინია, ვერ გეტყვი. თუ რამე მომივა, ჩემზე არაფერი იფიქრო. მემუქრება რეზო მოკვლით, უნდა მოგკლა... შენ ვენახში წახვედი, ის სახლში შემოვიდა. გამაღვიძა და მითხრა ტყეში წამოდიო. არ წავყევი, შემეშინდა, გავაღვიძე სუყველა (და-ძმები), რომ თავი გადამერჩინა. მთელი ღამე ჩვენთან ყოფილა", - აცხადებს ნესტან ტალახაძე. 

შეგახსენებთ, მოზარდი საკუთარი სახლის გვერდით, ჩამომხრჩვალი იპოვნეს. ის ჯერ კიდევ ცოცხალი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მეორე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. 

ბრალდებულის ოჯახი ფაქტის გახმაურებისთანავე სოფლიდან გაიხიზნა. მომხდარით შეძრულმა მოსახლეობამ და ჭირისუფალმა დამნაშავის სახლ-კარი გადაწვეს. ხალხი დამნაშავის ლინჩის წესით დასჯას მოითხოვდა. 

საქმის განხილვის დაწყება 17 ნოემბრისათვისაა გადადებული.

ავტორი: მარუსა ხურციძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა