|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაიზარდა თუ არა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა?

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდაზე მიუთითებენ.  მათივე განმარტებით, ხელისუფლება ამ ბერკეტს  ამომრჩევლის  კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით იყენებს.

გაიზარდა თუ არა  სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ქუთაისსა და იმერეთში, "ნიუპრესი" ამის გარკვევას სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ოფისში შეეცადა.

ერთ-ერთი მოქალაქის განმარტებით, 3 წლის წინ გაუქმებული სოციალურად დაუცველის სტატუსი რამდენიმე დღის წინ აღუდგინეს.

 “2014 წელს მეუღლე გარდამეცვალა, ალბათ, იფიქრეს, ჭამა აღარ მინდოდა სოციალური დახმარება მომიხსნეს, სახლში პარკეტი გაქვს და დარღვევააო. მას შემდეგ რამდენჯერმე ვიყავი, ყოველთვის ერთმანეთზე დიდი ქულები დამიწერეს, თავიდან 57 000 მქონდა და ჩამორთმეული დახმარება ახლა აღმიდგინეს. გული მაქვს საოპერაციო და სოციალურად დაუცველის სტატუსიც ამიტომ მჭირდებოდა. ქულები რომ დათვალეს, ახლა 63 000 მდე გამოვიდა“-განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ. 

სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანლის ნინო ჭიღლაძის თქმით,  მომსახურების სფეროში 2015 წლის შემდეგ ცვლილება არ ყოფილა, შესაბამისად, არც სტატუსის მინიჭების წესი გამარტივებულა.

„სააგენტოს არ გააჩნია არავითარი ბერკეტი ხელოვნურად გაზარდოს, ან შეამციროს შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა. ოჯახების გადამოწმება მუდმივად მიმდინარეობს.  როდესაც ახალი მეთოდოლოგიით გადავამოწმეთ, მათ შორის ისინიც,  ვისაც წლების წინ ქონდათ რეგისტრაცია გავლილი, ნაწილმა მიიღო სტატუსი, ზოგიერთს არც კი ახსოვდა განაცხადი რომ ჰქონდათ გაკეთებული  და თავად თქვეს უარი“, - განაცხადა ჭიღლაძემ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით,  ქუთაისში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობამ  წინა თვეებთან შედარებით მოიმატა, თუმცა მათივე ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით არ გაზრდილა. დახმარების მიმღები მოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობა მიმდინარე წელს იანვარში დაფიქსირდა.

აგვისტოს თვის მონაცემებით,  ქუთაისში მცხოვრებ 2 738 სოციალურად  დაუცველს  367.548 ლარი დაერიცხა.


2017 წლის რვა თვის მონაცემები კი ასე გამოიყურება:

                    ქუთაისი   იმერეთი

იანვარი         3345         9584
თებერვალი    3008         9349
მარტი           2910         9415
აპრილი         2901         9439
მაისი            2779          9346
ივნისი           2624         9197
ივლისი         2638         9253
აგვისტო         2738         9355

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე