|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში ათეულობით მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირებელია, რაც მის გაყიდვას აფერხებს"

 ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ინფორმაციით,  ქალაქს თავისი ქონება სრულად აღრიცხული არ აქვს, რითაც პოტენციურ მყიდველსაც კარგავს და  ქალაქის განვითარებასაც აფერხებს.  

"ქალაქში ათეულობით მიწის ნაკვეთია, რომელიც დაურეგისტრირებელია და საერთოდ ჰაერშია გამოკიდებული. კარგად გვახსოვს წინა მერის დროს დაწერილი ქალაქის განვითარების გეგმა, გასულ წელსაც 100 ათასი ლარი ჩაიდო ახალი გეგმისათვის, რომელიც ვერ გამოიყენეს.  მხოლოდ სადღეგრძელოდ გვესმის, რომ ახალ-ახალ გეგმებზე მუშაობენ, ერთი მერი მეორეს გეგმას თაროზე შემოდებს და ასე გრძელდება. დროა, მიწის პასპორტიზაცია დაიწყოს და ქალაქმა კონკრეტულად  აღრიცხოს თავისი ქონება", - განაცხადა გიგა შუშანიამ.  

მისი თქმით, ამ ტემპით და ამ მუშაობით ქუთაისის მერიას პრივატიზების გეგმის შესრულება გაუჭირდება.

 "4 მილიონ ლარზე მეტია პრივატიზების გეგმა და სამ თვეში მხოლოდ 500 ათასია შესრულებული,  მითუმეტეს ახლა, როდესაც ყველაზე აქტიური გაყიდვის პერიოდია..   ქალაქის თვითმმართველობას აქვს იმედი, რომ ეკონომიკის სამინისტო რამეს  გაყიდის და თვითმმართველობაში გაატარებს ამ თანხას, რაც ნამდვილად არაა გამოსავალი.  ჩვენ გვჭირდება რეალური თანხა, ამიტომ ეკონომიკის სამსახურმა დროულად უნდა გადახედოს ამ პოლიტიკას, აქტიურად დაიწყოს საქმიანობა, რომ ნებისმიერი გასაყიდი ობიექტების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდეს და არა ისე, როგორც ახლა არის პრაქტიკა - ადამიანი ნახულობს მიწას,  წერს განცხადებას  და იწყებს რეგისტრაციას თვითმმართველობა, ჯობია ეს ჩამონათვალი წინასწარ ერთიანად გამოქვეყნდეს და თვითონ აარჩევენ პოტენციური მყიდველები და მსურველიც მეტი გამოჩნდება,"-განაცხადა გიგა შუშანიამ. 

ქუთაისის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის განმარტებით, გეგმის შეუსრულებლობაზე საუბარი ნაადრევია.

"2019 წელს პრივატიზაციიდან მისაღები შემოსავლების გეგმა 4 მილიონ 250 ათას ლარს შეადგენს,  პირველ კვარტალში 581 ათასი ლარია მობილიზებული, რაც გეგმის 14 %-ის ფარგლებშია. სამუშაო არის, მაგრამ იმის თქმა, რომ გეგმის შესრულებას რაიმე საფრთხე ემუქრება, ნაადრევია,"-განაცხადეს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.

ავტორი: ირინა მაკარიძე