ქუთაისში დაკავებული მორაგბე გიორგი კვირიკაშვილი ბრალს აღიარებს
ქუთაისში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული მორაგბე გიორგი კვირიკაშვილი ბრალს აღიარებს. დაკავებულის მამის გოჩა კვირიკაშვილის განცხადებით, მათი მხრიდან უსაფუძვლოდ იქნა შეტანილი ეჭვი ადვოკატ ოლიკო კვინიკაძისა და მისი ოჯახის წევრის გულწრფელობაში.
"ჩემი შვილი დააკავეს ადვოკატის და მისი ოჯახის წევრის მიმართ ხულიგნობს ბრალდებით. საწყის ეტაპზე გიორგისგან ვიცოდით, რომ იყო უდანაშაულო, მისმა მეგობრებმა მოაწყვეს აქცია და ითხოვდნენ მის გათავისუფლებას. ამასთან, იყო მოწოდებები დაზარალებულთა პასუხისმგებლობის შესახებ. ამ დროისათვის, გიორგიმ აღიარა წარდგენილი ბრალი, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან უსაფუძვლოდ იქნა ეჭვი შეტანილი ოლიკო კვინიკაძისა და მისი ოჯახის წევრის გულწრფელობაში, რის გამოც ბოდიშს ვუხდით მათ", - განაცხადა გოჩა კვირიკაშვილმა.
დაკავებულის ადვოკატის გოგიტა გოგლიჩიძის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი სსკოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით ედება.
გიორგი კვირიკაშვილი მაისში დააკავეს, სასამართლომ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული მორაგბის გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში აქციები გაიმართა.
ავტორი: ნიუპრესი