ქუთაისში მზის პანელების საწარმოში 300-მდე ადამიანი დასაქმდება
ქუთაისს ბრიტანეთის საქართველოს მეგობართა წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული მზის პანელების საწარმო - “AE Solar” მოინახულეს.
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ეკონომიკური მრჩეველის მერი ჩაკვეტაძის თქმით, საწარმომ დელეგაციის წევრებზე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება მოახდინა.
"საწარმო, რომელიც ჩვენ დავათვალიერეთ, მზის პანელების დამზადებას ითვალისწინებს. საწარმო დაფუძნებულია გერმანული და ამერიკული, ასევე საუდის არაბეთის ინვესტიციით. საწარმომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტუმრებზე, პირველ რიგში იმით, რომ ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია, როგორც გვითხრეს, მიღებული აქვთ რამდენიმე ჯილდო. მათი თქმით, ეს არის უნიკალური საწარმო, რომელიც მომავალზეა გათვლილი, რადგან ენერგიის განახლებად წყაროებთან არის დაკავშირებული", - განუცხადა "ნიუპრესს" მერი ჩაკვეტაძემ.
მისივე ინფორმაციით, საწარმოში მათ განუცხადეს, რომ თბილისში, გაყიდვების ოფისში დასაქმებულია 50 ადამიანი, ქუთაისში კი 300-მდე ადამიანი დასაქმდება. წარმოებული პროდუქცია გავა ევროკავშირის ქვეყნებში, წარწერით - "წარმოებულია საქართველოში".
შეგახსენეთ, ქუთაისში „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" ტერიტორიაზე მზის ბატარეების წარმოებისთვის 10 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის შენობა 2017 წელს გამოიყო.
რაც შეეხება უცხოურ დელეგაციას, მის შემადგენლობაში შედიან სტუმრები დიდი ბრიტანეთიდან, მათ შორის არიან გაერთიანებულ სამეფოში 8 ქვეყნის აკრედიტებული მოქმედი და ყოფილი ელჩები (სლოვენია, სლოვაკეთი, ჰონდურასი, ურუგვაი, კოსტარიკა, კვიპროსი, გერმანია, ეკვადორი), პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები, ასევე ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და რელიგიური ქრისტიანული ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი მეუღლეები.
დელეგაცია საქართველოში რამდენიმე დღე დარჩება და საქართველოს რამდენიმე ქალაქს მოინახულებს, მათ ასევე შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სტუმრებს მიიღებს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე.
ავტორი: ირინა მაკარიძე