ქუთაისში ნორმების დარღვევის გამო 15-მდე სამშენებლო კომპანია დაჯარიმდა
ქუთაისის მერიამ მშენებლობებზე კონტროლი გაამკაცრა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სისტემატიურად ხდება მშენებლობების კონტროლი. ჯავახიას თქმით, ეს არ გულისხმობს მენაშენეებისთვის რაიმე სახის პრობლემის შექმნას, არამედ, ეს უსაფრთხოების ზომების დაცვისთვის ხდება.
ამ დროისთვის 15-მდე ობიექტის მეპატრონე დაჯარიმდა და პრობლემების გამოსასწორებლად დრო მიეცათ. მათ შორისაა კომპანია, რომლის მშენებარე ობიექტიდან ბაგირის გაწყვეტის გამო ორი მუშა დაიღუპა. კომპანია „იბერია სტარ გრუპი” მერიამ 1 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზი სამუშაოების ვადების დარღვევა გახდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას თქმით, ობიექტს მშენებლობის ვადა 2017 წლის ბოლოს ამოეწურა, ამიტომ კომპანიას გაფრთხილება მიეცა.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მშენებლობის კონტროლის გამკაცრების შესახებ განცხადება დეკემბერში გააკეთა და განმარტა, რომ ქალაქში აღარ მოხდება უკანონო მშენებლობები.
,,არ დავუშვებთ ჩვენს ქალაქში უკანონო მშენებლობებს"-გიორგი ჭიღვარია
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი