"არგო"-ქუთაისელი ჩინოვნიკების გასაიდუმლოებული ბიზნესი
ქუთაისში რიონის სანაპიროზე „არგოს“ მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. მშენებლობა, რომელიც არაერთი აქციის მიზეზი გახდა, კვლავ განხილვის საგანია. ამ დრომდე გასაიდუმლოებულია კაფეს რეალური მფლობელის ვინაობა, თუმცა გავრცელებულია ინფორმაცია რამდენიმე მეწილის შესახებ, რომლებმაც კაფესთან კავშირი თავიდანვე უარყვეს.
„ნიუპრესმა “კაფესთან გია შარაბიძე დააფიქსირა. ქუთაისის ყოფილი ვიცე–მერს გია შარაბიძეს კაფეს სიახლოვეს ვესაუბრეთ, თუმცა ჩვენს კითხვაზე, რა კავშირი აქვს მიმდინარე მშენებლობასთან და რატომ იმყოფებოდა სამშენებლო ობიექტთან, განაცხადა, რომ ის კაფეში არ ყოფილა და ძმას სტუმრობდა, თუმცა კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა და ტერიტორია დატოვა. ის შვილთან, დავით შარაბიძესთან ერთად წავიდა, რომელიც „ყინულის მოედნის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.
ადგილზე დარჩა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სამუშაოებს ასრულებდნენ. ჩვენთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელიც ნიკად გაგვეცნო, თუმცა გვარის დასახელება არ ისურვა, გვითხრა, რომ „პრარაბი“ იყო. კითხვაზე, ვინ დაიქირავა, პასუხის გაცემა არ ისურვა. მისივე განცხადებით, კაფეს მშენებლობა ამ დრომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ცდილობენ, ხარისხიანად აშენონ და ამის გამო მშენებლობა დროში გაიწელა. მან ასევე უარყო ინფორმაცია, რომ კაფეს მფლებელები გოჩა შარაბიძე და ნიკა ლატარია არიან.
„რატომ არ გჯერათ, რომ გია შარაბიძე და მით უმეტეს, ნიკა ლატარია ამ საქმეთან არაფერ შუაში არიან, გია შარაბიძისნაირი ადამიანი ნეტავ ბევრი იყოს კიდევ“, –განაცხადა მან.
მოგვიანებით „ნიუპრესმა“ გაარკვია, რომ მამაკაცი, რომლიც „პრარაბად“ გავვეცნო, თავადაც გია შარაბიძის ძმა გოჩა შარაბიძეა, რომელიც ბიზნეს საქმიანობას მოსკოვში ეწეოდა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია ემთხვევა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ნატო ქათამაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მან გასულ წელს ბრიფინგზე გააჟღერა. მისი თქმით, "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე სადაო ადგილი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას დედის საკუთრება იყო, გია შარაბიძის ახლობელზე, გოჩა შარაბიძეზე გასხვისდა.
„მე არასოდეს მეშინოდა სიმართლის თქმის და არც ამ შემთხვევაში ვაპირებ, გავჩუმდე. ტერიტორია შეიძინა ლატარიას დედამ, რომელმაც, თურმე უკვე გაასხვისა ფართი და როგორც მოვიძიე, ახალი მფლობელი აღმოჩნდა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ქუთაისის ყოფილი ვიცე–მერის გია შარაბიძის ახლობელი გოჩა შარაბიძე, რომელიც არის ლატარიას კარის მეზობელი. აქედან კარგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ლატარიამ ტერიტორია გადასცა მისი ნდობით აღჭურვილ პირს, რომელიც არის "პატრიოტების" წევრის შვილი და რომლის ვიცე–მერობის დროსაც ერთ ღამეში გასხვისდა სკვერები 35-წლიანი აღნაგობის უფლებით, ამ ქალაქში არაფერი იცვლება, ერთი "ბანდა" ჩაანაცვლა მეორემ და ორივე ბედნიერია", – განაცხადა ქათამაძემ.
„ოქროს ჩარდახის“ მიმდებარე ტერიტორია ადგილმონაცვლეობით შეირჩა. 2013 წელს, როდესაც გია შარაბიძე ვიცე–მერის მოვალეობას ასრულებდა, ქალაქში რამდენიმე სკვერი ერთდროულად გასხვისდა, მათ შორის „სამი ოთარის“ მიმდებარე ტერიტორია, რომელიც შპს "ანასტასიას" (საიდენტიფიკაციო კოდი 412694017) წარმომადგენელმა ხატია გაგუამ შეიძინა. მოგვიანებით, ფაქტს საზოგადეობაში დიდი გამოხმაურება მოყვა, რის გამოც ამჟამინდელი მერი იძულებული გახდა 2013 წელს მისი წინამორბედის მიერ გასხვისებული ტერიტორიის მფლობელითვის ახალი ტერიტორია შეეთავაზებინა, რომ ამით „სამი ოთარის“ სკვერი გადაერჩინა, ახალი ადგილი კი „ოქროს ჩარდახის“ მიმდებარედ შეირჩა, რაც თავის მხრივ, ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა ისტორიული „ოქროს ჩარდახის“ მიმდებარედ მშენებლობა გააპროტესტეს და მომხდარში კულტურული ძეგლების დაცვის სააგენტოც დაადანაშაულეს, რომელმაც ნებართვა გასცა.
კაფესთან რაიმე სახის კავშირს გამორიცხავდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია, რომელმაც აღნიშნული ბრალდების გამო საკრებულოში შექმნილი დროებითი ჯგუფი დატოვა, რომელიც გასხვისებული სკვერების კანონიერებას შეისწავლიდა. ლატარია შარშან აცხადებდა, რომ ის მშენებლობასთან არანაირ კავშირში არ იყო და მხოლოდ ადგილმონაცვლეობისთვის შეახვედრა ქალაქის მერი გოჩა შარაბიძეს. შარაბიძის და ლატარიას ახლობლობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც იძებნება.
ნატო ქათამაძე კვლავაც დარწმუნებულია, რომ "არგო" ნიკა ლატარიას ბიზნესია, თუმცა ამას უარყოფს, რადგან საკრებულოს წევრია და სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალება. "100%-დან 60 პროცენტი იყო დალი ლატარიასი, ნიკა ლატარიას დედის დარჩენილი ნაწილთან გოჩა თევდორაძის სახელი ფიგურირებდა. სხვა შემთხვევაში, რა საჩქარო იყო კაფეს მშენებლობის დაწყება, იმ დროს, როცა "სამი ოთარის სკვერის" გასხვისების კანონიერებას პროკურატურა სწავლობდა? ამის შესახებ შოთა მურღულიამ განაცხადა, თუ კანონდარღვევა აღმოჩნდებოდა, კაფეს დემონტაჟს მოახდენდნენ. მე არ მომიკითხავს, რა ეტაპზეა ახლა ეს საქმე, თუმცა, ვიცი, რომ არაფერი შეიცვლება. მეც დავიღალე, თან ჩემს სამაჟორიტარო უბანში არ არის. ბოლოს ყველა ბედნიერია, მე მარტო ვრჩები უსამართლობის წინაშე", - განაცხადა ნატო ქათამაძემ.
რაც შეეხება კაფეს, ის მალე გაიხსნება. ამ დროისთვის გარესამუშაოებთან ერთად შენობის მოწყობაც აქტიურად მიმდინარეობს. შენობა ტურისტული ცენტრის მიმდებარედ მდებარეობს. მფლობელები მაქსიმალურად ცდილობენ, კაფე "არგო" ძველი კოლხეთის ეპოქის თემატიკას მიუახლოვონ, რითაც უფრო მიმზიდველი გახადონ ის ტურისტებისათვის. ნიკა შარაბიძის განცხადებით, ადგილი არ იქნება მხოლოდ კვების ობიექტი და მას შინაარსობრივი დატვირთვაც მიეცემა. მიმდინარეობს არგონავტიკის თემაზე კედლების მოხატვა და ინვენტარიც იმ ეპოქასთან არის მიახლოებული.
მიმდინარე მშენებლობის გამო დაზიანდა ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა. ნიკა შარაბიძის განცხადებით, ნაგავსაყრელი ლამაზ ადგილად გადაიქცა. მისი თქმით, ტერიტორია მოწესრიგდება და აღდგება შადრევანი.
აღსანიშნავია, რომ აღნაგობის ქირის გადახდა მფლობელებს 2017 წლის 1 სექტემბრიდან მოუწევთ.
ამ თემაზე: ლატარია, თევდორაძე, შარაბიძე–რა ხდება "არგოს" გარშემო?
"არგოს" მშენებლობისთვის ორივე ნებართვა არსებობს"
"არგოს" მშენებლობის შესაჩერებლად ხელმოწერები გროვდება
„ქუთაისის მერმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ “არგოს“ მშენებლობაზე ნებართვები ჰქონდათ“
"არგოს" საკითხის საკრებულოზე განხილვას ითხოვენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი