|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

9 აპრილის მემორიალი რესტორნის ინტერესებს ეწირება?

 9 აპრილის მემორიალმა, რომელიც ქუთაისში პირველ სკოლასთან ახლოს მდებარეობს, შესაძლოა ადგილმდებარეობა შეიცვალოს. საკითხი საკრებულოს სხდომაზე კულტურის, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ ირმა პეტრიაშვილმა გააჟღერა, მიზეზად კი მემორიალის უპატივცემულობა დაასახელა.

ირმა პეტრიაშვილის მტკიცებით, 9 აპრილის მემორიალის დატოვება ამჟამინდელ ადგილზე იმ ადამიანების ხსოვნას შეურაცხყოფს, რომელთა ხსოვნასაც მემორიალი მიეძღვნა.

„ჩვენი ვალია პატივი ვცეთ ამ ადამიანების ხსოვნას და სათანადოდ მოვუაროთ მათი ხსოვნის ძეგლს. ის რაც ხდება 9 აპრილის მემორიალთან, არის შეურაცხყოფა,  ამიტომ მოგმართავთ განვიხილოთ საკითხი მემორიალის გადატანის შესახებ“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

პეტრიაშვილის განცხადებას საკრებულოსა და მერის თანხმობა მოყვა. შოთა მურღულიამ ძეგლის ახალ, სავარაუდო ადგილზე ისაუბრა.  მისი თქმით, 9 აპრილის მემორიალი ცენტრალურ ბულვარში განთავსდება, სადაც ასევე,  შესაძლოა,  მეორე მსოფლიო ომში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული გმირების მემორიალებიც განთავსდეს.

მემორიალის გარშემო ხმაური მიმდინარე წლის ზაფხულში დაიყო. ძეგლის მიმდებარედ ღია რესტორნის გახსნას მოქალაქეების უკმაყოფილება და პროტესტი მოყვა.  „ეროვნული მოძრაობის“ წარმომადგენლის, დოდო იობიძის განცხადებით, რესტორნის მეპატრონეების მიერ მემორიალის შეურაცხყოფა და მისი საქეიფო  „ატრიბუტად“ გადაიქცევა ხდება.

შენიშვნა ახალი მფლობელის მიერ რესტორნის ინვენტარის უშუალოდ მონუმენტის მიმდებარედ განთავსების  გამო გამოითქვა. მერიაში განმარტავენ, რომ რესტორნის ამ ფორმით მოწყობაზე, რაც ახლა არის,  ზედამხედველობის მიერ ნებართვა არ გაცემულა. ნებართის გარეშე რომ მოაწყვეს ღია რესტორანი,  ადასტურებენ „პაპილონშიც“. ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, რამდენიმე სკამი და ქოლგა დამატებით დაიდგა, თუმცა რამდენიმე დღეში ზაფხულის სეზონის დასრულებასთან ერთად   მუშაობას ღია რესტორანიც  დაასრულებს.

„ხელმძღვანელი ახლა საქართველოში არ არის და კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, თუმცა ამ ინვენტარს რამდენიმე დღეში ისედაც ავიღებთ.  ადრე აქ იყო სხვა რესტორანი,  მაგრამ არავის აწუხებდა. ახალი და კარგი არ მოსწონთ და ამიტომ აქვთ შენიშვნები“, -განაცხადა რესტორნის თანამშრომელმა, რომელმაც  დაპირების მიუხედავად,  რესტორნის მფლობელთან არ დაგვაკავშირა.

საკრებულოს წევრთა ინიციატივით, შესაძლოა, მონუმენტის არა მხოლოდ გადატანა, არამედ  „ჩამოწერაც“  მოხდეს.   საკრებულომ სკულპტურის შესაქმნელად კონკურსიც გამოაცხადა. თუმცა წარმოდგენილმა ნამუშევარმა ყურადღება ვერ დაიმსახურა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაძლოა, კონკურსი განმეორებით გამოცხადდეს. 

„ჯერ მერიამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და ვნახოთ, რა გადაწყდება. თუმცა, შესაძლოა, გამოცხადდეს კონკურსი ესკიზების შესაქმნელად.  არსებულ მონუმენტს რა ბედი ეწევა,  არ ვიცი“, -განაცხადა ირმა პეტრიაშვილმა.

ძეგლის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ახალი სკულპტურის კონკურსი გამოსაცხადებლად გადაწყვეტილება მერიის „პატივგების კომისიამ“ უნდა მიიღოს, რომლის თავმჯდომარეც ქალაქის მერია.

როგორც  ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, აღნიშნული მონუმეტი 9 აპრილის თემატიკაზე არ შექმნილა და მემორიალის სტატუსი მოგვიანებით მიიღო.

„ეს  ძეგლი, როგორც მახსოვს,  9 აპრილის თემატიკაზე შექმნილი არ არის,  ამ ადგილზე  ვიკრიბებოდით და დაღუპულთა სხოვნის პატივსაგებად სანთლებს ვანთებდით,  ამიტომ შემდეგ მიენიჭა მემორიალის სტატუსი“, -აცხადებს პეტრიაშვილი.

საწინააღმდეგოს  აცხადებს მოქანდაკე გიორგი კიკვაძე, რომელსაც მემორიალის ავტორთან, რეზო რამიშვილთან  მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა.

„რეზო რამიშვილი ამ მონუმენტზე სპეციალურად 9 აპრილის თემატიკით მუშაობდა და სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა. დაწერილია კიდეც მასზე, რასაც ეძღვნება. ეს შაშაიშვილის დროს მოხდა. იმ დროის მდგომარეობის გათვალისწინებით, თაბაშირის არის და არაა კარგი ხარისხის. თუ მოხდება განახლება,   ჯობია ბრინჯაოს მონუმენტი ჩამოისხას“, - განაცხადა გიორგი კიკვაძემ.

მონუმენტი 1997 წელს დამონტაჟდა. ადგილი მან ერთხელ უკვე შეიცვალა, თუმცა მისი გადაადგილება მხოლოსდ  რამდენიმე მეტრით მოხდა. აღსანიშნავია, რომ   რეზო რამიშვილი სწორედ ამ ძეგლის მოვლას შეეწირა.  2004 წელს დაზიანებული ძეგლის შეღებვის დროს  რამიშვილი მონუმენტიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

ამიტომ,  9 აპრილის მემორიალს მოქანდაკის ოჯახისთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. როგორც რეზო რამიშვილის შვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მისი ოჯახისთვის საწყენი იქნება,  თუ მერია ახალ მონუმენეტს დაამონტაჟებს.

„მაქვს ინფორმაცია, რომ მონუმენტს ადგილს უცვლიან და ბაღში გადააქვთ, რაც კარგია, რადგან, იმ ადგილზე არ აქვს სათანადო პატივი. მამამ ეს მემორიალი სპეციალურად 9 აპრილისთვის შექმნა. მე არ მაქვს ინფორმაცია,  ახალი სკულპტურა თუ  უნდა გაკეთდეს.  ეს, რა თქმა უნდა,  გვეწყინება, რადგან მამა სწორედ ამ მემორიალს შეეწირა. როდესაც ღებავდა,  ჩამოვარდა და დაიღუპა. არ ვიცი,  რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ცუდი იქნება, თუ ეს მონუმენტი დაიკარგება“,-განაცხადა შოთა რამიშვილმა.

რა იგეგემება რეალურად, გაითვალისწინებს თუ არა მერია საავტორო უფლებებს, როდის მოხდება მონუმენტის გადატანა და რა სახით,  ამ კითხვებზე ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ ქუთაისის მერიაში. შოთა მურღულიას განცხადებით, მონუმენტის გადატანის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და შესაბამისად, ვერც  დეტალებზეც  ისაუბრებს.  აქვე აღნიშნავს,  რომ სამუშაოები წელს ვერ მოესწრება.

საარჩევნო პერიოდში ბიუჯეტში რაიმე სახის ცვლილბა იკრძალება, ამიტომაც ძეგლის გადატანის სამუშაოები  ჯერ ვერ დაიწყება. ამასთან,  ამინდების გაუარესებასთან ერთად მონუმენტის მიმდებარედ სკამები თანდათან გაქრება და საკითხიც მომავალ წლამდე დავიწყებას მიეცემა. მომდევნო  9 აპრილს სად შეეძლებათ მოქალაქეებს დაღუპულთა პატივგება,  ამას დრო გვიჩვენებს.

თუმცა,  ამ ადგილს და აღნიშნულ მემორიალს უკვე თავისი  ისტორია აქვს, რაც გადაწონის თუ არა კონკრეტული ბიზნესის  ინტერესებს,  ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი