როგორ აისახება კოალიციის ცვლილებები ქუთაისის თვითმართველობაში?
"ეროვნულმა ფორუმმა" უკვე მიიღო გადაწყვეტილება კოალიციის დატოვების შესახებ. როგორც პარტიის ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, "ფორუმელები" დატოვებენ თანამდებობებსაც.
რა თანამდებობებს ფლობენ კოალიციაში შემავალი პარტიები ქუთაისის თვითმმართველობაში და რა ცვლილებებია მოსალოდნელი ამ მხრივ ახალი რეალობის გათვალისწინებით?
დატოვებს თუ არა თანამდებობას საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ამის შესახებ "ნიუპრესს" კახა დვალიშვილი ესაუბრა. „პარტიის გადაწყვეტილება ეხება არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე პრობლემები შეიქმნას ჩვენგან. რაც შეეხება თანამდებობების დატოვებას, მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ პარლამენტის წევრებს ეხებათ, საკრებულოს დონეზე მსგავსი მოთხოვნა არ დასმულა, ჩვენ ჩვენს საქმიანობას გავაგრძელებთ“,- განაცხადა დვალიშვილმა.
"ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელია გელა გადაბაძე, რომელიც საკრებულოში ერთ-ერთ ფრაქციას ხელმძღვანელობს. ფრაქცია აქვთ "კონსერვატორებსაც". ასევე "კონსერვატიული პარტიის" წევრია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია.
ლატარიას განცხადებით, კოალიციაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობას პრობლემა არ შეექმნება. „ჩვენ მერიასთან ძალიან შეთანხმებულად, დაპირისპების გარეშე ვმუშაობთ“,-განაცხადა ლატარიამ.
„პარტია პოზიციას არ ცვლის, ჩვენმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმაც განაცხადა, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ისევ ერთობლივად, ჩვენი პარტია უმრავლესობაში რჩება, შესაბამისად, საკრებულოში, იმავე რეჟიმში, იმავე მონდომებით გავაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ქალაქის წინაშე, მე ამავე დროს მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, ასე რომ ქუთაისის საკრებულოში ამ მხრივ ცვლილებები მოსალოდნელი არ არის“, -აღნიშნა ნიკა ლატარიამ.
კოალიციაში მყოფი სხვა პარტიების წარმომადგენლებიდან ფრაქცია აქვს ასევე "მრეწველებს“. „მრეწველების“ თავმჯდომარეა ლაშა გვენეტაძე, რომელიც ამავე დროს "მიწის კომისიის" თავმჯდომარეცაა. "მრეწველებიდან" ამ დროისათვის პოზიციის ცვლა მოსალოდნელი არაა.
თანამდებობების მხრივ ყველაზე "დაჩაგრულ" პოზიციაში ქუთაისის საკრებულოში "რესპუბლიკელები" არიან. "რესპუბლიკელებს" საკრებულოში 2 წევრი ჰყავთ, ნატო ქათამაძე და რობინზონ წინწკალაძე. ნატო ქათამაძის განცხადებით, - „რესპუბლიკელებს" თანამდებობები არც მანამდე ჰქონიათ, ასე რომ, ქუთაისის საკრებულოში რესპუბლიკელებისათვის არაფერი იცვლება“, -განუცხადა მან „ნიუპრესს“.
რაც შეეხება ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაღალ თანამდებობას კოალიციაში შემავალი არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ იკავებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე