|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"როგორი ხისტი პარლამენტის თავმჯდომარე გვყოლია"

"როგორი ხისტი პარლამენტის თავმჯდომარე გვყოლია, მდინარაძე უფრო ცდილობდა საპროტესტოდ განწყობილ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვას და კონსტრუქციულ ფორმატში მათთან ურთიერთობას, ვიდრე ირაკლი კობახიძე",- წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გოგი ხაზარაძე, პარტიის "თავისუფალი დემოკრატები" ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი. 

როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, ის თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას როგორც ერთი მოქალაქე, ისე ესწრებოდა და პარტიასთან კავშირი აღარ აქვს. 

"ერთი, რაც ჩემს ყურს ესიამოვნა პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებიდან, ეს იყო - "საქართველოში რუსეთუმეების და კომუნისტების დრო წავიდა და აღარასოდეს დაბრუნდება, ჩვენი გზა არის ილია ჭავჭავაძის გზა"-ო, მაგრამ როგორ ვიწამო მისი ეს სიტყვები, როდესაც პროტესტის გამომხატველ ახალგაზრდებს და სტუდენტებს, კომუნისტებს ეძახის, ხოლო, თვითონ ერთ პოლიტიკურ გუნდშია გია ვოლსკისთან, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის შემდეგაც ბოლო კომუნისტამდე შემორჩა სკკპ-ს?! ფიცი მწამს, საქციელი და ბოლო მაკვირვებს... ჩემი სიმპატიები ახალგაზრდებს, მათი ხმა ისმოდეს ყოველთვის!"-აცხადებს გოგი ხაზარაძე.

ხაზარაძის თქმით, როგორც  სხვა ქალაქებში, თბილისში გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდნენ საბიუჯეტო ორგანიზაციის წარმომადგენლები, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული განხილვაზე, რომლებიც მკვეთრად აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას.  პროტესტულად განწყობილი ადამიანების ნაწილი შენობის გარეთ იმყოფებოდა.

 

ავტორი: ნიუპრესი