"რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია"
რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.
როგორც სენატორმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა, შავი ზღვის საკითხებზე ნატოს პასუხი მეტ კოორდინაციასა და პოლიტიკურ ერთიანობას მოითხოვს.
შაჰინმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მტრულ ქმედებებზეც და საქართველოში ამერიკის თავდაცვის მდივნის ვიზიტი დადებითად შეაფასა.
"რუსეთის ბოროტი ზრახვები აშკარად გამოიკვეთა მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში, როდესაც მე და სენატორი მერფი უკრაინასა და საქართველოს ვეწვიეთ. ჩვენ ე.წ სამხრეთ ოსეთის საზღვართან მივედით, სადაც რუსეთის მხრიდან მიმდინარე ბორდერიზაცია და საქართველოს წინააღმდეგ მტრული ქმედებები ვიხილეთ. რუსეთის ტერიტორიული აგრესია, როგორიცაა სასაზღვრო ხაზიდან მავთულხლართების გადაადგილების გაგრძელება, რუსეთის სამხედრო ქცევის უფრო ფართო ნიმუშის ნაწილია და მისი დაგმობა უნდა გაგრძელდეს. მე ძალიან ვაფასებ იქ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.
რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია. ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, უნდა გააგრძელონ რუსეთის ბოროტი აქტივობების მოგერიება საჭირო დემოკრატიული რეფორმების გაძლიერებით, რათა ასახონ ხალხის ნება და დააახლოვონ ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან. მე მხარს ვუჭერ საქართველოსა და უკრაინის ნატოს მაპისთვის მისწრაფებებს, ვფიქრობ ეს მათ ძალიან დაეხმარება,"- განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.
ავტორი: ნიუპრესი