"რუსთაველის ძეგლი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ყველა ეპოქისთვის მისაღები იყოს"
ქუთაისში ბოლო პერიოდში დადგმული ცნობილი ძეგლების უმეტესობა მოქანდაკე გიორგი კიკვაძეს ეკუთვნის - იპოლიტეს ძეგლი მესხიშვილის თეატრთან, "ვეფხისტყაოსნის" მთარგმნელი ებრაელი მოღვაწის ბორის გაპონოვის ძეგლი გაპონოვის ქუჩაზე, ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი პირველ სკოლასთან, გიმნაზიელი გოგონა მესამე სკოლასთან. მის მიერაა შერულებული ოპერის სახურავზე არსებული ქანდაკებები, ხელმძღვანელობდა "კოლხური შადრევნის" სამუშაოებს. ის ახლა რუსთაველის ძეგლის ესკიზის შექნაზე გამოცხადებულ კონკურსში იღებს მონაწილეობას.
ქუთაისში რუსთაველის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით "ნიუპრესს" გიორგი კიკვაძე ესაუბრა.
-როგორც ცნობილია, თავდაპირველად ჟიურის შემადგენლობაში იყავით, მაგრამ თქვენი ნებით დატოვეთ კომისია...
-ჟიურის შემადგენლობაში შემიყვანეს, თუმცა, ეს დიდად არ გამხარებია. მაინცდამაინც სასიამოვნო არაა, როდესაც მოქმედი მხატვარი ხარ და ჟიურის შემადგენლობაში უნდა იყო. შემდეგ ვიფიქრე, რომ სხვასაც უნდა მივცე შესაძლებლობა, მაგრამ როდესაც შემოსული პროექტები ვნახეთ, გადავწყვიტე, ჟიურის შემადგენლობიდან გასვლა. როგორც იცით, კონკურსის ვადა გახანგრძლივდა და მე ჩემი ნამუშევარი წარვადგინე. ამ დროისათვის შემდეგ ეტაპზე სამი ნამუშევარია გადასული, მათ შორის ერთი ჩემიცაა.
-თქვენი პროექტის მიხედვით, სად იგეგმება ძეგლის დადგმა?
-ადგილი კონკრეტულად არ მაქვს განსაზღვრული, მაგრამ ამბობენ, ძეგლისათვის საუკეთესო ადგილი კიკვიძის პარკი შეიძლება იყოს.
-თქვენ პროექტი ისე მოამზადეთ, რომ ადგილი არ გქონდათ შერჩეული?
-შოთა რუსთაველის გამზირზე რუსთაველის ძეგლისათვის, ფაქტიურად, ადგილი არ იძებნება. კიკვიძის სკვერი ერთადერთი ადგილია, ჩემი აზრით, სადაც შეიძლება ძეგლი განთავსდეს. კიკვიძის ძეგლის წინააღმდეგი არ ვარ, ეს ვალიკო მიზანდარის მიერ შესრულებული საკმაოდ მაღალი დონის ქანდაკებაა, მაგრამ ტუსთაველის ძეგლისთვის ეს საუკეთესო ადგილია. არა მხოლოდ მე, ყველა კონკურსანტმა ეს ადგილი შეარჩია ძეგლისათვის. წარმოდგენილი ესკიზები ინტერნეტ სიცრცეში განთავსდება და გამარჯვებული ხმის მიცემის საშუალებით გამოვლინდება. თუ არ იქნა საზოგადოების თანხმობა, ისე ძეგლს არავინ დადგამს, არც კიკვიძის სკვერში და არც სხვა ადგილას.
-ჩვენ მერიაში გვითხრეს, რომ ძეგლისათვის ადგილი წინასწარ განსაზღვრული არაა და ავტორების ხედვას გაითვალისწინებენ.
-ძეგლი სად დაიდგმება, ამას არქიტექტურის სამსახური წყვეტს. ავტორს უნდა მისცე ადგილი და იმან იმ ადგილს მოარგოს ქანდაკება. რამდენ კონკურსშიც მიმიღია მონაწილეობა, ყველგან ასე ხდება. ქანდაკებას უნდა ჰქონდეს ხედვა, ასეთი კი კიკვიძის სკვერია.
-კიკვიძის ძეგლის აღებას, როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც ეყოლება, როგორ ფიქრობთ, რა ბედი ეწევა ამ ძეგლს?
-კიკვიძის ძეგლს არავინ აიღებს, თუ საზოგადოება არ იქნება ამაში შეთანხმებული. ძეგლს თუ აიღებენ, უნდა მოხდეს მისი ადგილმონაცვლეობა.
-თქენს მიერ შექმნილი, იპოლიტეს ძეგლი, რომელიც არის თეატრთან, ასევე გაპონოვი სკამზეა ჩამომჯდარი, ხო არ უნდა ველოდოთ სიახლეს რუსთაველის ძეგლთან მიმართებაშიც?
-არის სიტუაციები, სადაც სიახლე შეიძლება გამოიყენო, მაგრამ შოთა რუსთაველთან მიმართებაში საქმე სხვაგვარადაა, ის ერთ ეპოქას არ ეკუთვნის, ამიტომ უნდა გაკეთდეს აკადემიურად, ისე, რომ ყველა ეპოქისათვის მისაღები იყოს.
ვფიქროთ, ქალაქი ტურისტული მიმართულებით უნდა განვითარდეს და რაც შეიძლება მეტი ღირსშესანიშნავი ადგილი შევქმნათ.
ამ თემაზე: "შოთა რუსთაველის ძეგლისათვის ორი ადგილი განიხილება"
რუსთაველის ძეგლისთვის გამოცხადებულ კონკურსში 9 ესკიზი შევიდა
სად განთავსდება ქუთაისში შოთა რუსთაველის ძეგლი?
ქუთაისში შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგმება
ავტორი: ირინა მაკარიძე