|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სად განთავსდება ქუთაისში შოთა რუსთაველის ძეგლი?

ქუთაისის მერიის მიერ შოთა რუსთაველის ძეგლის შექმნისთვის გამოცხადებული კონკურსის ვადები გახანგრძლივდა. მიზეზი კონკურსში შესული წინადადებების სიმცირე და მათში არსებული უზუსტობები აღმოჩნდა. რუსთაველის ძეგლის ესკიზი მხოლოდ 7-მა კონკურსანტმა წარადგინა.

იანვარში გამოცხადებული კონკურსი 20 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომისიის გადაწყვეტილებით, ნამუშევრების მიღება 1 ივნისამდე გაგრძელდება. გამარჯვებული კი კომისიის მიერ 1 ივლისს გამოცხადდება.

კონკურსში  მონაწილეობა  ნებისმიერ პირს შეუძლია, გარდა თვითმმართველობის თანამშრომლისა. ასევე ერთ პირს შესაძლებლობა აქვს შეიტანოს რამდენიმე ნამუშევარი. ძეგლის სიმაღე უნდა იყო 1,8 მეტრი. რაც შეეხება კვარცხლბეკს, ის შერჩეული ესკიზის მიხედვით მოეწყობა.

ძეგლი რუსთაველის გამზირზე განთავსდება, თუმცა ამ დროისათვის მერიაში ადგილს ვერ აკონკრეტებენ. 

 ქუთაისში რუსთაველის ძეგლის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს გიგა შუშანიას. 

"ჩვენ გვსურს მერიას შევთავაზოთ, რომ შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგას კიკვიძის ძეგლის ნაცვლად და ამავდროულად კიკვიძის ბაღსაც შეეცვალოს სახელი და  რუსთაველის სახელობის გახდეს", -განუცხადა შუშანიამ "ნიუპრესს".

 შეგახსენებთ, ქუთაისში  პირველი მსოფლიო ომის გმირის, ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით საზოგადოების წარმომადგენლებმა არაერთი აქცია გამართეს, ძეგლი კი წითელი საღებავით შეღებეს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი