საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა
ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ითვალისწინებს.
კერძოდ: საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით; დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან; მოხდება 100 000-მდე გადამხდელისთვის უიმედო საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა - 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციების ჩამოწერა ძირითადი თანხის გადახდის პირობით. საგადასახადო კონტროლს განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო.
რაც შეეხება მოგების გადასახადის ამოქმედების საკითხს - ბიზნესთან შეთანხმებით, კანონის საფუძველზე, მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შევა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან და მოგების გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება;
აღნიშნულ რეფორმას ექნება პოზიტიური შედეგები. კერძოდ: დაჩქარდება ეკონომიკურ ზრდა; გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობა; გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა; გაიზრდება ინვესტიციები; გაიზრდება კაპიტალის მოცულობა; გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა; შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები; ბიზნეს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის; ჩამოყალიბდება კიდევ უფრო მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით; გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება.
ავტორი: ნიუპრესი