"საქართველო ნარკოდამოკიდებულ ადამიანთა სიმრავლით გამოირჩევა"
ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, სადაც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს. შეხვედრის მიზანს ნარკოპოლიტიკის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გიორგი მამასახლისმა განაცხადა, აღნიშნულ პრობლემასთან დკავშირებით შემუშავდა სტრატეგიული გეგმა, რის მიხედვითაც ტარდება სხვადასხვა სამუშაოები პრობლემების აღმოსაფხვრელად.
„საქართველოში უკვე არსებობს 11 სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ემსახურება მოქალაქეებს. ასევე იუსტიციის საბჭომ შეიმუშავა 2015 წლის სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც ტარდება სხვადასხვა ტიპის სამუშაოები. მათ შორის, კერძო და საჯარო სკოლებში 3 ათასამდე მოსწავლეს უტარდება ტრენინგი, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა მამასახლისმა.
პარტია “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ ნარკოდამოკიდებულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება გადაჭარბებულია.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომპლექსური მუშაობაა საჭირო. მათი განცხადებით, საქართველოში ნარკოდამოკიდებული ადამიანების ყველაზე მეტი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც მათივე განცხადებით, საგანგაშო სიგნალია.
„ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა. ბოლო სტატისტიკით, საქართველო ნარკოდამოკიდებულ ადამიანთა სიმრავლით გამოირჩევა. ეს არის მართლა საგანგაშო სიგნალი. მუშაობა უნდა დავიწყოთ განათლების სფეროდან. კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი და დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ პრობლემას“,-აღნიშნა "დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით წიტაიშვილმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი