დამოუკიდებლობის გამოცხადებას "სოციალ-დემოკრატებმა" დემოკრატიის მარცხი" უწოდეს
26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებას საქართველოში ერთგვაროვანი რეაქცია არ გამოუწვევია. მაშინდელი სოციალ-დემოკრატები ამას ქართული "დემოკრატიის მარცხად" მიიჩნევდნენ. 100 წლის წინანდელი ფაქტების და შეფასებების შესახებ "ნიუპრესი" ქუთაისში გამომავალი გაზეთების მიხედვით გიამბობთ.
ქუთაისში გამომავალ გაზეთში "სოციალ-დემოკრატი" ვკითხულობთ, "26 მაისის აქტმა დააგვირგვინა ქართილი დემოკრატიის დამარცხება... სხვა მხრივ მოქმედება შეუძლებელი შეიქმნა, დავადექით ნაკლები ბოტოტების არჩევის გზას, ერის ფიზიკური გადარჩენა ამას მოითხოვდა, მომავლის იმედით დავთანხმდით მძიმე, მაგრამ მაინც ზავზე. ეს თითქმის დაპყრობაა ჩვენი, ნაკლები სისხლის დაქცევით და ნაკლები განადგურებით..."- წერს გაზეთი, რომლის წარმომადგენლები რუსეთთან ერთობას მისტირიან.
სოციალ-დემოკრატების ამ განწყობის მიზეზი თურქეთის მიერ ქართული ტერიტორიების დაპყრობაა, "როდესაც მსუნაგი და დამშეული ოსმალეთი კარებს ღიას დაინახავდა, არ შემოვიდოდა?"-წერს ქუთაისში გამომავალი გაზეთი "სოციალ-დემოკრატი". ეს "ღია კარები" რეგიონიდან რუსეთის გასვლამ გამოიწვია, რამაც თურქეთს შემოსვლის შესაძლებლობა მისცა. ამიერკავკასიის ერთობიდან საქართველოს გასვლის შემდეგ დამოუკიდებლობა აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომელიც თურქეთის მოკავშირე იყო. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ სტამბოლი და ამიერკავკასია განუყოფელიაო.
საქართველოში გაჩაღებული იყო ბრძოლები. ერთი მხრივ თურქეთს ებრძოდნენ, მეორე მხრივ ბოლშევიკებს. ქვეყანას მხარდაჭერას გერმანია უცხადებს, რომელიც ხდება ხელშემწყობი დამოუკიდებლობის გამოცხადების. გერმანია საქართველოს თურქეთის აგრესიისაგან დაცვას იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.
სოციალ-დემოკრატებისაგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს სოციალ-ფედერალისტების გაზეთი "ჩვენი ქვეყანა", რომელიც შიშობს, რომ ჩრდილოეთიდან ბოლშევიკები წამოვლენ და ჩვენი ქვეყნის დაპყრობას ხელახლა შეეცდებიან. გაზეთში ნათქვამია, რომ ამ საფრთხეებიდან გამომდინარე ქვეყანამ მობილიზაცია უნდა გააგრძელოს.
მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, ისტორიული ფაქტი შედგა და საქართველომ 1918 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თავისუფალმა საქართველომ მხოლოდ სამი წელი შეძლო არსებობა, რისი მიზეზიც ის შინაგანი წინააღმდეგობაც გახდა, რაც იმ დროინდელ პრესაშიც აშკარად ჩანს. 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე 1991 წელს საქართველომ კვლავ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც წინ უსწრებდა ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდული, რა დროსაც საქართველოს მოსახლეობის 98 პროცენტმა დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოსახლეობა 2,5 მლნ-ს შეადგენდა, ფართობი — 107,600 კვ.კმ-ს.
"ქალაქში მტერმა შემოიყვანა მხოლოდ 400-500 -მდე ასკერი"
ლტოლვილები ბათუმიდან, უპურობა და დაკარგული ტალონები -1918 წლის მარტი ქუთაისში
ორი ვინტოვკა, ან კარაბინი მუზეუმის დასაცავად - სამხედრო წესები ქუთაისში
ავტორი: ირინა მაკარიძე