სახალხო დამცველი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების 5 შემთხვევას სწავლობს
სახალხო დამცველი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების 5 შემთხვევას სწავლობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოხდეს მოხდეს უცხო პირთა გადადგილების მკაცრი კონტროლი. ხოლო, ბავშვებისთვის საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს.
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე. ინფორმაციის მიხედვით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უცხო პირები სასწავლო დაწესებულებებთან თუ საჯარო სივრცეებში სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას და მათთან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე დაყოლიებას.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სახალხო დამცველი უკვე სწავლობს მსგავს ხუთ სავარაუდო შემთხვევას, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საზოგადოების ინფორმირებას ამ საკითხზე; ამასთან, მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს - განახორციელონ პროაქტიული და კოორდინირებული ქმედებები.
ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ:
ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდეს უცხო პირთა გადადგილების მკაცრი კონტროლი. ხოლო, ბავშვებისთვის საფრთხის, ან საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს;
საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ბავშვებს და მშობლებს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში, საფრთხისგან თავის არიდების რა მექანიზმები არსებობს და ვის უნდა დაუკავშირდნენ;
საზოგადოებამ მსგავსი ფაქტების შემჩნევის შემთხვევაში გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დროულად მიმართოს სამართალდამცავებს, მათ შორის, დააფიქსიროს შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში „112-ში“.
სახალხო დამცველი სავარაუდო შემთხვევებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას შეისწავლის და თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგიარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს.
საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს ცხელ ხაზზე - 1481“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი