|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ვალდებულებები აკისრია პოლიციას ოჯახში ძალადობის ფაქტის დროს

 პოლიცია ვალდებულია ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ  კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა.

 ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია:

ა) მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად;

ბ) განცალკევებულად გამოკითხოს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს;

გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ;

დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში;

ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ან/და არასრულწლოვნის გადაყვანა თავშესაფარში;

ვ) მსხვერპლის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი საცხოვრებელი ადგილიდან პირველადი საჭიროების ნივთებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წამოღება;

ვ1) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან და უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება;

ზ) უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ;

თ) ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი.

 პოლიცია ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს.

პოლიცია ვალდებულია თავის ანგარიშში ცალკე გამოყოს მონაცემები ოჯახში ძალადობის ფაქტების, მიღებული ზომების, მსხვერპლთა რაოდენობის, მოძალადის მიმართ განხორციელებული ქმედებების, აგრეთვე მოძალადის სხვა მონაცემების შესახებ.

პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას. იგი ვალდებულია მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება დამცავი და შემაკავებელი ორდერების დარღვევაზე.

პოლიცია ვალდებულია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე  ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პატიმრობიდან განთავისუფლების, აგრეთვე ამ პირის მიერ საპატიმრო ადგილის დატოვების სხვა შემთხვევის თაობაზე. 

 

რომელი ორგანოები ახორციელებს  მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას?

 

მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას  კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებთან (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, საგამოძიებო ორგანოები, სასამართლო) ერთად ასევე უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი), თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესი ან ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი ძალაშია მინიჭებიდან 18 თვის განმავლობაში, ხოლო თუ მსხვერპლი სარგებლობს თავშესაფრით, − მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსებისათვის ამ კანონით განსაზღვრული ვადით.

რა უფლებებით სარგებლობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი?   

 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი (სავარაუდო მსხვერპლი) უფლებამოსილია:

ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით ან გამოცემული დამცავი ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისას მასზე რეაგირების მოთხოვნით;

ბ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ოჯახში ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან გამოცემული დამცავი ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის შემთხვევაში ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით;

გ) მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია, თუ მისთვის მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან/და მსხვერპლის მომსახურებისა და დაცვისათვის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა წყაროებით;

ე) ისარგებლოს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებით;

ვ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში განთავსებისას ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით;

ზ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით, რომლის ვადაც არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30 კალენდარულ დღეს;

თ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საქართველოში ყოფნისათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, თუ მსხვერპლი უცხოელია ან მოქალაქეობის არმქონე პირია;

ი) „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე;

კ) ისარგებლოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი და სოციალური დაცვის სხვა მექანიზმებით.

ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებების განხორციელებისას ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირისა და პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტების დაცვის უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები.

 ოჯახურ დანაშაულზე და ოჯახში ძალადობაზე სისხლის სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, დაკითხვისას,  გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის საუკეთესო ინტერესები, მათი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების) თანდასწრებით; აგრეთვე დაუშვებელია სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა ან რომლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, ასევე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა. ამ შემთხვევებში  მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სისხლის/ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, მასზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, იგი არ შეიძლება დაბრუნებულ იქნეს უცხო სახელმწიფოში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ იქ დაბრუნების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება არ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი.

აქვს თუ არა ოჯახში ძალადობის  მსხვერპლს საცხოვრებლით დროებით სარგებლობის შენარჩუნების უფლება?

თუ მსხვერპლი არ სარგებლობს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და მას სურს დარჩეს საცხოვრებელ ადგილზე დამცავი ან შემაკავებელი ორდერით, განისაზღვრება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის დროებით გარიდების საკითხი. პოლიცია უფლებამოსილია დამცავი ან შემაკავებელი ორდერის შესაბამისად მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა.

 

ავტორი: ნიუპრესი