ციხეები პატიმრების ზედამხედველობის ქვეშ?!
საქართველოს ციხეებში პატიმართა წამებისა და მათი წამების იარაღად ქცეული ცოცხების წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი კამპანიის შემდეგ, როგორც სჩანს, პატიმრებმა აშკარა უპირატესობა იგრძნეს. რადგან ამჯერად „ჩაგვრაზე" სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები ალაპარაკდნენ.
მართალია, ციხის თანამშრომლები პატიმრების მხრიდან მათი უფლებების გადაჭარბებაზე ღიად არ საუბრობენ, თუმცა პირად საუბრებში უკმაყოფილებას აშკარად გამოხატავენ და აცხადებენ, რომ ციხეები პატიმრების ზედამხედველობის ქვეშ ექცევა.
„ოჯახი რომ არ მყავდეს სარჩენი, სამსახურზე ნამდვილად უარს ვიტყოდი. ციხეში შესვლა აღარ მინდა. პატიმრები ციხის თანამშრომლების ხელში აყვანას ცდილობენ. ცუდად რომ მოიქცეს პატიმარი, მისთვის შენიშვნის მიცემის უფლება მაინც არ გაქვს. თუ ასე მოიქცევი, ადმინისტრაციასთან დაგასმენს და შენს გათავისუფლებას მოითხოვს. მსჯავრდებულები ისეთ ადამიანებს ადებენ ხელს, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონიათ შეხება პატიმრებთან, წამებაზე და ცუდად მოპყრობაზე საუბარი ზედმეტია. პატიმრები ძირითადად იმ ყოფილ პოლიციელებთნ ცდილობენ ანგარიშსწორებას, რომლებთანაც ადრე ურთიერთობა ჰქონდათ და მათი წყალობით მოხვდნენ ციხეში. მსჯავრდებულების თქმით, რაც მეტ თანამშრომელს გაუშვებენ ციხიდან, ეს მათთვის მეტი დამსახურება იქნება ამ სისტემასთან ბრძოლაში," - ამბობს გეგუთის კოლონიის ერთ-ერთი თანამშრომელი.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გეგუთის კოლონიაში პატიმრების მოთხოვნით ციხის ადმინისტრაციამ 17-კაციანი სია უკვე შეადგინა და ამდენივე თანამშრომელი სახლებში გაუშვა. საუბარია კიდევ მეორე, 20-კაციანი სიის შედგენაზე. როგორც ციხის თანამშრომლები აცხადებენ, აღნიშნულ სიაში მოხვედრილი პირების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მათი ვარაუდით, ამ სიის შემადგენლობაც წინა სიის ბედს გაიზიარებს. თუმცა კოლონიის ხელმძღვანელი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ დაწესებულება სამმა პირმა დატოვა, ისიც პირადი განცხადების საფუძველზე.
ქვეყნის მასშტაბით არსებულ ციხეებში პატიმრების მიმართ მიდგომა, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლების მოსვლის შედეგად შეიცვალა. თვით ხელისუფლების ცვლილების კატალიზატორი ციხეებში წლების მანძილზე მიმდინარე პატიმრების წამება და ამ პროცესების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება გახლდათ.
ახალმა ხელისუფფლებამ წინამორბედის დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით, პატიმრების მიმართ მიდგომა შეცვალა, მათი მოსმენა დაიწყო და მსჯავრდებულების წამების ტრადიციის ერთგვარი დამნერგველი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, თუმცა არა პატიმრების წამების მუხლით.
არჩევნების შემდეგ, ციხეში შესული ადვოკატები და პატიმრების უფლებების დამცველი პირები აცხადებდნენ, რომ ყველა პატიმარი თავს უდანაშაულოდ თვლიდა და ახალი მთავრობისგან მისი საქმის გადახედვას ითხოვდა. ხელისუფლებამ უკვე გაათავისუფლა გარკვეული პირების ნაწილი, რომლებიც თავს პოლიტიკურ პატიმრებად თვლიდნენ.
ციხიდან გათავისუფლებულ პირთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან სამუშაო ჯგუფმა, რომელმაც 200-მდე პირის პოლიტიკური დევნილობისა თუ პატიმრობის სტატუსი უნდა განსაზღვროს, მუშაობას მიმდინარე კვირაში ასრულებს. ჯგუფი აღნიშნული პირების სიას პარლამენტს გადასცემს, რომელიც პატიმრების გათავისუფლების მექანიზმებს განიხილავს.
თუმცა, ახალი ხელისუფლების მხრიდან პატიმრების მიმართ გამოჩენილი „ზრუნვა" ამით არ სრულდება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ პარლამენტში „ამნისტიის შესახებ" კანონის ინიცირება მოახდინა. კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, ხელისუფლება ფართომასშტაბიან ამნისტიას გეგმავს. საუბარია ყველა პირობითი მსჯავრდებულის, ასევე, პირველად ნასამართლევი და გაუფრთხილებელ პირობებში ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების გათავისუფლებაზე. კანონპროექტის მიხედვით, იმ პირებს, რომლებსაც ამნისტია არ შეეხებათ, სასჯელი გაუნახევრდებათ. ამ კატეგორიას კი არასრულწლოვნები, ქალები, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულისათვის ციხეში მყოფი პირები წარმოადგენენ. ეკა ბესელიას
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე