|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეღავათიანი აგრო სესხების გაცემა დაიწყო (R)

სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის შეღავათიანი სესხის გაცემა უკვე დაწყებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამის შესახებ  "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გასულ კვირას, სასტუმრო  "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ ღონისძიებას საქართველოს საბანკო სექტორი და პროექტის გამახორციელებელი სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი", რომელსაც  "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი" აფინანსებს, მისი გახორციელება კი, "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" დაეკისრა.

გასული 3 თვის განმავლობაში სააგენტო აქტიურად თანამშრომლობდა საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციებთან, ასევე სოფლის მეურნეობის საწარმოო საშუალებების მიმწოდებლებთან. სწორედ მათთან კონსულტაციების საფუძველზე პროექტის 3 კომპონენტი გამოიკვეთა.

პირველი კომპონენტი მცირე ფერმერებს საშუალებას აძლევს 5000 ლარის ფარგლებში 6-თვიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მიიღონ. იმ შემთხვევაში, თუ კი ფერმერები კრედიტს 6 თვეში ვერ დაფარავენ, ყოველ მომდევნო თვეში მათ 3 პროცენტის გადახდა მოუწევთ.

უპროცენტო განვადებით სარგებლობისას, მაღაზია ფერმერს შესასყიდი პროდუქციის საფასურის ანგარიშს (ინვოისს) გამოუწერს, რომელსაც საფინანსო ინსტიტუტი აანაზღაურებს.

საფინანსო ინსტიტუტსა და მაღაზიას შორის მოლაპარაკების შედეგად, ფერმერს/მეწარმეს საშუალება ეძლევა, პროდუქციის წარმოების სრული ციკლის განმავლობაში, გამოიტანოს მაღაზიიდან მისთვის საჭირო საწარმოო საშუალებები, სათესლე და სარგავი მასალა, პესტიციდები, ვეტპრეპარატები, გარდა სასუქისა.

მეორე კომპონენტი საშუალო და მსხვილ ფერმერებზეა გათვლილი, რომელიც ითვალისწინებს 5000-დან 100 000 ლარამდე-მდე 2-წლიან აგროკრედიტის გაცემას. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი 8 პროცენტზე მაღალი არ იქნება. მისი მიზანია საბრუნავი საშუალებების და მარაგების შესყიდვის დაფინანსება მოკლე ვადით.

მესამე კომპონენტი 1 მლნ ლარამდე (ექვივალენტი აშშ დოლარში) სესხს შეადგენს. ეს არის აგროსაწარმოებისთვის განკუთვნილი 7 წლამდე შეღავათიანი აგროკრედიტი. მისი წლიური საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 3 პროცენტი იქნება. აგროკრედიტი ითვალისწინებს ძირითადი საშუალებებისა და ტექნოლოგიების ხანგრძლივი პერიოდით დაფინანსებას... სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული მესამე კომპონენტი, მინიმუმ, 60 საწარმოს გახსნას ითვალისწინებს.

სესხის დამტკიცების შემდეგ, მსესხებელს დაბალი საპროცენტო განაკვეთი დაერიცხება, თუმცა რეალურად ბანკი მას უფრო მაღალ პროცენტში გასცემს. ამ განსხვავებას "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდიდან" გამოყოფილი თანხით "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" დაფარავს. "იმისთვის, რომ მეწარმემ შეღავათიანი სესხი მიიღოს, ბანკს უნდა მიმართოს და ბიზნესპროექტი წარუდგინოს, თუ რისთვის სჭირდება თანხა. ბანკი განცხადებას განიხილავს როგორც კომერციულ კრედიტს, შეაფასებს მის რისკებს, მომგებიანობას და გადაწყვეტილებას მიიღებს... თუ კი სასოფლო სამეურნეო საქმიანობაზე ბანკი კრედიტს გასცემს, ჩვენ ავტომატურად საპროცენტო განაკვეთის დიდ პროცენტს დავაფინანსებთ. კერძოდ, მეორე კომპონენტში მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 17 პროცენტი იქნება. ჩვენ 9 პროცენტს დავაფინანსებთ. მსესხებლისთვის კი წლიური განაკვეთი 8 პროცენტზე მაღალი არ იქნება - უმეტეს შემთხვევაში, 6-7 პროცენტი. მესამე კომპონენტს რაც შეეხება, იქ ბანკებთან შეთანხმებით დადგინდა, რომ საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 15 პროცენტისა იქნება დოლარში. ჩვენ 12 პროცენტს დავაფინანსებთ. შესაბამისად, მსესხებლისთვის წლიური საპროცენტო განაკვეთი 3 პროცენტზე მაღალი არ იქნება, რაც საკმაოდ დაბალია. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებაზე კარგ გავლენას მოახდენს," _ ამბობს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე.

"როდესაც რესურსი ძვირი და მოკლევადიანია, სოფლის მეურნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სესხის აღება რთულია... ახლა სოფლის მეურნეობა დეკლარირებულია, როგორც რეალური პრიორიტეტი. ეს პროექტი გახლავთ ძალიან დიდი მნიშვნელობის ახალი ინიციატივა, რათა ყველა ბიზნესორიენტირებულ საწარმოს, თუ ფერმერს საშუალება ჰქონდეს, რა თქმა უნდა, კვალიფიციური ბიზნესგანაცხადის საფუძველზე, მისთვის საჭირო სესხი აიღოს. იმისთვის, რომ ყველას ინტერესის გათვალისწინება მაქსიმალურად მოხდეს, პროექტი 3 კომპონენტად არის გაყოფილი. ეს პროექტი სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობას აადვილებს," _ აცხადებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში 11 ბანკი და ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო. ესენია: "ბაზისბანკი", ბანკი  "კონსტანტა", ბანკი "რესპუბლიკა", ბანკი "ქართუ","ვითიბი ბანკი", "თიბისი ბანკი",  "კორსტანდარტ ბანკი", "კრედო", "კრისტალი", "ლიბერთიბანკი", "პროკრედიტბანკი", "საქართველოს ბანკი" და "ხალიკბანკი".

"ვითიბი ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე აცხადებს, რომ თუ გასულ წლებში მათ საკრედიტო პორთფელში სოფლის მეურნეობის სექტორის დაკრედიტება 1-2 პროცენტის ფარგლებში ხდებოდა 2013 წლის ბოლოსთვის ამ მაჩვენებლის მინიმუმ 5 პროცენტამდე ზრდას ვარაუდობენ.

"წლების მანძილზე საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორს ყურადღება არ ექცეოდა, მაშინ როცა სოფლის მეურნეობა ქართული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს... პროექტი საშუალებას იძლევა, სოფლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს შეღავათიანი ფინანსური რესურსი. ამიტომაც ჩავერთეთ პროექტში და სამივე კომპონენტში ვიღებთ მონაწილეობას. თუ დღეს  "ვითიბი ბანკის" პორთფელში აგროსესხებს 1-2 პროცენტი უკავია, ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ის მინიმუმ 5 პროცენტი იქნება... სოფლის მეურნეობის დაკრედიტების მიმართულებით წლების მანძილზე პრობლემა იყო რესურსის ღირებულება და ვადა. შესაბამისად, სახელმწიფო სწორედ იქ ჩაერთო, სადაც პრობლემა არსებობდა," _ აცხადებს "ვითიბი ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" პროექტის ერთ კომპონენტში იღებს მონაწილეობას, რომელიც მცირე ფერმერებისთვის 6 თვის ვადით 5000 ლარამდე უპროცენტო სასაქონლო განვადებით სარგებლობას გულისხმობს. "ბენეფიციარებს შეეძლებათ ჩვენს პარტნიორ ფერმერულ მაღაზიებში 5000 ლარის ფარგლებში მათთვის საჭირო პროდუქცია უპროცენტო განვადებით შეიძინონ. პროცედურა საკმაოდ მარტივია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველაფერი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ფარგლებში მოხდება, რაც გულისხმობს, რომ ბენეფიციარებმა იმ ღირებულების პროდუქცია მიიღონ, რამდენის გადახდის საშუალებაც შემოსავლებიდან გამომდინარე ექნებათ. დარწმუნებული ვართ, ეს პროექტი სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს დიდ შეღავათს გაუკეთებს," - ამბობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის "კრისტალის" მარკეტინგის მენეჯერი თამარ ზამთარაძე.

"თიბისი ბანკი" პროდუქტის მეორე და მესამე კომპონენტში უშუალოდ არის ჩართული. პირველ კომპონენტს კი ბანკი "კონსტანტა" ახორციელებს, რომლის ძირითადი აქციონერი სწორედ  "თიბისი ბანკია".  "ამ პროექტისთვის მოკლე ვადაში ჩვენ 5 მლნ ლარამდე თანხა გვაქვს გათვალისწინებული, წლის ბოლომდე კი თანხის მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. ვფიქრობთ, პროექტისთვის წლის განმავლობაში 20 მლნ ლარამდე დაიხარჯება. ძირითად აქცენტს იმ კომპანიებზე გავაკეთებთ, რომლებიც ჩვენთან წლების მანძილზე თანამშრომლობდნენ. ნელ-ნელა კი იმ კომპანიებზეც გადავალთ, რომლებთან მუშაობის გამოცდილება ჯერ არ გვაქვს," -  ამბობს "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

"სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი გიორგი მანაგაძე არ აკონკრეტებს ამ ეტაპზე თუ რა მოცულობის თანხაა აკუმულირებული ფონდში. მისი განმარტებით, კონკრეტული ციფრის დასახელება არასწორია, რადგანაც ის ყოველდღიურად იცვლება.  გიორგი მანაგაძე აცხადებს, რომ "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისთვის" კონკრეტული თანხა გათვალისწინებული არ არის, რადგანაც წინასწარ უცნობია, თუ რა მოცულობის სესხებს გასცემენ ბანკები. ფონდის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ პროექტის განსახორციელებლად მათ ფინანსური პრობლემა არ შეექმნებათ... ამჟამად "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდში" ძირითადად საქველმოქმედო ფონდი "ქართუსა" და "საერთაშორისო საქველმოქმედო სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისგან" გადარიცხული თანხა, ასევე კერძო შემოწირულობებია თავმოყრილი.

ავტორი: პრესსამსახური