თემურ ლანჩავა ოქროს ორდენით დააჯილდოვეს
ქუთაისის საპატიო მოქალაქე, არაერთი ჯილდოსა და ლიტერატურული პრემიის ლაურეატი თეიმურაზ ლანჩავა 25 აპრილს 70 წლის ხდება.
საქართველოს მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, თემურ ლანჩავას მიენიჭა ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია და ოქროს ორდენი ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.
თეიმურაზ ლანჩავას გამოცემული აქვს პროზაული და პოეტური კრებულები, 4 ტომეული, და რჩეული. მისი ნოველები და მოთხრობები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, აფხაზურ, რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.
მწერალი დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. მინიჭებული აქვს ილია ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშავალას, გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ლეონიძის, აბუსერიძე ტბელის, ოთარ მამფორიასა და მუხრან მაჭავარიანის პრემიები.
ასევე ქართული კულტურის რაინდის წოდება, ხელოვნების ქურუმის წოდება.
2016 წლიდან არის ქ.ქუთაისის მერის მრჩეველი კულტურის ხელოვნების და განათლების დარგში.
2017 წლის 14 მარტს რუსეთის მწერალთა კავშირის მოსკოვის საქალაქო ორგანიზაციამ თეიმურაზ ლანჩავას მიანიჭა ა.ს. პუშკინის სახელობის პრემია და დააჯილდოვა იგი ა.პუშკინის სახელობის ოქროს მედალით.
დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით ქართული და რუსული ლიტერატურული საუნჯის ,,სიტყვისა და საქმის“ ერთგულებისათვის დაჯილდოვდა რუსეთის მწერალთა კავშირის მიერ საპატიო სიგელით.
მწერლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ქუთაისის მერია მისი თხზულებების ორტომეულს გამოსცემს, რისთვისაც 10 ათასლარიანი ტენდერი გასულ თვეში გამოაცხადა.
ავტორი: ირინა მაკარიძე