|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტყიბულის შახტში 250-მდე თანამშრომლის შემცირება იგეგმება"- პროფკავშირები

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ტყიბულში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მოითხოვს, დაუყოვნებლად გასაჯაროვდეს საექსპერტო კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა.მათი განცხადებით, როგორც ცნობილია, 2018 წლის 15 ივნისს, მას შემდეგ, რაც შახტებზე მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 მეშახტე ემსხვერპლა, ხოლო 6-მა სხეულის დაზიანება მიიღო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველოს პროფკავშირები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა - კერძოდ: ტყიბულში შეწყდა ნახშირმოპოვება და სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შერჩეული იქნა საერთაშორისო გამოცდილების მქონე საექსპერტო კომპანია, რომელიც შახტებზე შრომითი რისკების შეფასებას რამდენიმე თვის განმავლობაში ანხორციელებდა და 2018 წლის ბოლოს შესაბამისი დასკვნაც დადო. მეშახტეებს იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე შრომის ანაზღაურება ეძლეოდათ.

"სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, გერმანული საექსპერტო კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა დღემდე არ გაუსაჯაროვებია. არც ის არის ცნობილი რა წერია დასკვნაში და არც ის არის ცნობილი როგორი საინჟინრო გადაწყვეტა იქნა ნაპოვნი ნახშირმოპოვების გასაგრძელებლად ისე, რომ მინიმალიზებული იქნას შრომითი რისკები და საფრთხეები.

მიუხედავად, ყოველივე ზემოთთქმულისა, 2019 წლის აპრილის ბოლოდან, მეშახტეებს შეუზღუდეს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება, ხოლო GIG ჯგუფის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ მაისის თვეში ნახშირმოპოვების დაწყება იგეგმება უკრაინული ჯგუფის ოპერირების ქვეშ. მათივე განცხადებით გაუქმდება ძიძიგურის შახტის ადმინისტრაციული კორპუსი და ინფრასტრუქტურა, მეშახტეები ძიძიგურის შახტაზე იმოძრავებენ მინდელის შახტიდან სავენტილაციო გვირაბის გავლით და რომ საბოლოო ჯამში 250-მდე ადამიანის შემცირება იგეგმება.

ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, რომ ცნობილი არ არის რა წერია გერმანელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნაში, რა რეკომენდაციები იქნა გაცემული რისკებისა და საფრთხეების შესამცირებლად და რა სამუშაოები განახორციელა ოპერატორმა კომპანიამ რეკომენდაციების შესასრულებლად.

ასევე, უცნობია კომპანიის მიერ დაანონსებული რეორგანიზაციის გეგმა, დაუსაბუთებელია მისი მიზაშეწონილობა და უცნობია რეორგანიზაციის სამართლებრივი ასპექტებიც.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ტყიბულში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მოითხოვს: დაუყოვნებლად გასაჯაროვდეს საექსპერტო კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, გასაჯაროვდეს ტყიბულის ნახშირმომპოვებელ საწარმოსთან დაკავშირებული ყველა პროცესი და უზრუნველყოფილი იქნას ამ პროცესებში საქართველოს პროფკავშირების ჩართულობა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენების ნეგატიური განვითარების ყველა შესაძლო პროცესთან დაკავშირებით, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართელოს მთავრობას და ოპერატორ კომპანიას“, - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი