|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურის პოლიციის შენობის წინ სამი ადამიანი ერთი კვირაა, შიმშილობს

ჭიათურაში პოლიციის შენობის წინ უკვე ერთი კვირაა, რაც სამი ადამიანი შიმშილობს. შიმშილობის აქცია  პოლიციის უფროსის და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ასევე 26 მაისს დაკავებული პირის გათავისუფლება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით  დაკავებული თემურ გოშაძე სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით ქუთაისის მეორე საპყრობილეში თავადაც შიმშილობს. აქციის მონაწილეები მისთვის მუხლის გადაკვალიფიცირებას და ადმინისტრაციული მუხლის შეფარდებას ითხოვენ.

მოშიმშილეთა შორის ერთ-ერთი 26 მაისის ინციდენტის მონაწილეა.

ერთ-ერთი მოშიმშილის ძმის,  დავით ჭუმბურიძის თქმით, მოშიმშილეების მდგომარეობა გართულდა, თუმცა ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნას ოფიციალური პირები არ ეხმიანებიან.

როგორც 26 მაისის ინციდენტის მონაწილეები აცხადებენ, ისინი თავად არიან პოლიციის მიერ ნაცემები. აღნიშნულ საქმეს დასავლეთ საქართველოს  პროკურატურა იძიებს.

როგორც ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში განაცხადეს, პოლიციის თანამშრომლების მიმართ მათ კითხვები არ გააჩნიათ. 

შეგახსენებთ, 26 მაისს ჭიათურაში პოლიციის თანამშრომლებსა და ადგილობრივების დაპირისპირების ფაქტზე 9 პირი დააკავეს, 8 მათგანი ადმინისტრაციული მუხლით გაათავისუფლეს, ერთ-ერთ დაკავებულს თემურ გოშაძეს კი პოლიციისადმი დაუმორჩილების მუხლი წარედგინა.

 

ქუთაისის მეორე საპყრობილეში პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა

ჭიათურის პოლიციის შენობასთან ადგილობრივებმა აქცია გამართეს

 

ავტორი: ირინა მაკარიძე