2008 წლიდან არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში აღარ ვყოფილვარ - დმიტრი გუდკოვი
2008 წლიდან, როცა საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მიიღეს, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გამო ერთხელაც კი აღარ ვყოფილვარ, - აცხადებს რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი.
ის ქვეყანაში არშემოშვებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყენებულ ვიდეო მიმართვაში პასუხობს.
გუდკოვის განმარტებით, მისი არშემოშვების დასახელებული ორივე მიზეზი უსაფუძვლო და სასაცილოც კია.
"აფხაზეთის დამოუკიდებლობა სახელმწიფო დუმამ 2008 წელს ცნო. დეპუტატი 2011 წელს გავხდი. 2008 წლიდან კი, როცა საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მიიღეს, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გამო ერთხელაც კი აღარ ვყოფილვარ. გარდა ამისა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ გავრილოვისგან განსხვავებით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მომხრეა, მე არ დამიკავებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი - როგორც გვახსოვს, საქართველოს ხელისუფლებამ ეს დეპუტატი გახარებულმა მიიღო.
მე მქვია დმიტრი გუდკოვი და არა ალექსეი ნავალნი. მე მესმის, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პუტინს თავი მოაწონოს. სააკაშვილის დაპატიმრება საკმარისი არ არის, როგორც ჩანს, საჭიროა კიდევ არაერთი რიტუალური ჟესტი მოახლოებული არჩევნებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად. მაგრამ ხომ შეიძლება ისე მოიტყუო, რომ სასაცილოდ მაინც არ გამოიყურებოდე“, - აცხადებს დმიტრი გუდკოვი.
ავტორი: ნიუპრესი