პარლამენტში ფარული კადრების თემას ჩხუბი მოყვა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს მიხეილ მაჭავარიანს დაუპირისპირდა. დეპუტატმა კარლო კოპალიანმა კი მაჭავარიანს მიკროფონი ესროლა.
ვითარების განმუხტვა მანდატურების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ჩხუბს წინ უსწრებდა ფარული ჩანაწერების შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერის გიორგი ბარამიძის განცხადება, სადაც მან ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისაკენ მოუწოდა.
"როგორც კი ნახავთ ადამიანს, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, თავზე ხელი კი არ უნდა გადაუსვათ და სამსახურიდან კი არ უნდა გაუშვათ, როგორც ეს გააკეთეთ გელა ხვედელიძის შემთხვევაში, ამ პირმა ჩაიდინა თვითმკვლელობამდე მიყვანის დანაშაული და უნდა ყოფილიყო დასჯილი",- განაცხადა ბარამიძემ.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა განმარტა, რომ თუ ხელისუფლება თავის დროზე ფარული კადრების გავრცელებისთვის მისივე გუნდის წევრებს სათანადოდ დასჯიდა, აღარ მოხდება, ნიკა გვარამიას, ეკა მიშველაძისა და ინგა გრიგოლიას იგივე მეთოდებით დაშანტაჟება.
გიორგი ბარამიძის ამ გამოსვლის შემდეგ დარბაზში სიტყვა დეპუტატ ლუკა კურტანიძეს მისცეს, რა დროსაც ჩხუბი დაიწყო.
ავტორი: ნიუპრესი