"პრეზიდენტის მრჩევლები ასანთის კოლოფისხელა ოთახებში ვმუშაობთ"
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასა და შენობის დანიშნულებაზე ისაუბრა „რუსთავი 2“–ის ეთერში. მისი თქმით, შენობა მართლაც კარგ ადგილას დგას, კარგად ჩანს, თუმცა სამუშაო ფართი შენობაში სულაც არ არის დიდი.
„შენობა შესაძლოა, მართლაც კარგ ადგილას დგას და კარგად ჩანს და მე ვფიქრობ, ეს კარგია პოლიტიკურად, რომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს ქვეყნის შიგნიტაც და გარეთაც, ჰქონდეს შესაძლებლობა... ეს შენობა რომ დღეს შენდებოდეს, შესაძლოა, ამაზე ვიდაოთ... მაგრამ ამ შენობაზე უკვე ფული არის დახარჯული, მის გადაკეთებაზე თუ ვინმე ფულის დახარჯვას დაიწყებს, მერწმუნეთ, სწორედ ეს იქნება გადაყრილი თანხა და წყალს გატანებული", – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
მისივე თქმით, შენობის ფართი დიდი არ არის და პრეზიდენტის მრჩევლებს პატარა ოთახებში უწევთ მუშაობა.
"მე და პრეზიდენტის ყველა მრჩეველი ასანთის კოლოფისხელა ოთახებში ვმუშაობთ და სამუშაო ფართი იქ ბევრი არ არის. იქ არის უფრო წარმომადგენლობითი მიღებებისთვის ფართი, რაც საჭიროა, ბუნებრივია, ასეთი ფუნქციისა და დანიშნულების მქონე დაწესებულებებისათვის.
ის დანახარჯი, რაც ბიუჯეტურად არის გაწერილი, ყველასთვის ღიაა და არ სჭირდება ამას მითიური ციფრების მოგონება. ეს საბიუჯეტო მუხლით განსაზღვრული თანხაა და პრეზიდენტი რომელ შენობაშიც უნდა იყოს ეს თანხა გადაჰყვება მას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი სხვა შენობაში თუ იქნება საბიუჯეტო სახსრებიც უნდა შეიკვეცოს, რაც თავისთადაც შეკვეცილია.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ეს არ არის მისი პირადი ფონდი, ეს არის ფონდი, რომელიც განიკარგება ქვეყანაში დემოკრატიული აღმშენებლობის, საგანმანათლებლო და სხვა პროექტებში. 10 მლნ იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ იყო ქვეყნის სათავეში და პრეზიდენტი ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო. მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილს 10 მლნ ლარი დაუმტკიცა, გიორგი მარგველაშვილის პირობებში კი ეს თანხა 5 მლნ ლარია და ამაზე არავის დაუჩივლია და არავის უთქვამს საყვედური...
ამ შენობაშია განლაგებული უშიშროების საბჭო და იქ ერთი ცარიელი ოთახიც არ არის...
"გიორგი მარგველაშვილი არის ადამიანი, რომელიც იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს და დარწმუნებული ვარ, იცავს მას სამომავლოდაც. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილი და სხვა პრეზიდენტებიც ამ სასახლეში გააგრძელებენ არსებობას, რადგან ამ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკუარადაც, მორალურადაც, სამართლებრივადაც გამართლებრივი ქმედება“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ipress
ავტორი: