|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოსახლეობა რუს და აფხაზ სამხედროებთან პირისპირ მარტო არის დარჩენილი"

საქართველოს სახალხო დამცველი ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს ეხმაურება. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, ეს შემთხვევა სიცოცხლის უფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რაზეც საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას  ეკისრება.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გ.ო. ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე პროდუქტის გადატანას ცდილობდა, რა დროსაც აფხაზ ე.წ. მესაზღვრესთან შელაპარაკება მოუვიდა. ე.წ. მესაზღვრემ გ.ო.-ს მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც გ.ო. გარდაიცვალა.

ეს შემთხვევა სიცოცხლის უფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რაზეც საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას, როგორც რეალური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს ეკისრება. რუსეთის ფედერაცია სასაზღვრო ჯარების მეშვეობით სრულად აკონტროლებს აფხაზეთის გამყოფი ხაზის მთელ პერიმეტრს"-ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც ნანუაშვილი აღნიშნავს, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები გამყოფი ხაზის პირას არ არის სათანადოდ დაცული, განსაკუთრებით კი ეს  სოფელ ხურჩის მოსახლეობას ეხება.

"სოფელ ხურჩაში საქართველოს პოლიციის საგუშაგო სოფლის დასაწყისშია, სოფლის ბოლოს კი რუსულ-აფხაზური ე.წ. გამშვები პუნქტია განლაგებული. ადგილობრივი მოსახლეობა რუს და აფხაზ სამხედროებთან პირისპირ მარტო არის დარჩენილი.

სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა  ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, რაც ხაზს უსვამს ადგილობრივთა დაუცველობას. აღსანიშნავია, რომ ხიდს, სადაც მოხდა მკვლელობა, ყოველდღიურად გადაკვეთენ მოქალაქეები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები. ისინი ყოველდღიურად რისკის ქვეშ აყენებენ თავიანთ სიცოცხლეს განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად"-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

როგორც ნანუაშვილი აღნიშნავს, ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების სერიოზულ  პრობლემებს გამყოფ ხაზზე.

 

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა