"მოულოდნელი" რეორგანიზაცია და დაგვიანებული სამუშაოები ბაღებში
ქუთაისის მერიის ბაგა–ბაღების გაერთიანებაში რეორგანიზაცია გრძელდება. მოულოდნელად გამოცხადებულ რეორგანიზაციას 23 თანამშრომლიდან, მხოლოდ სამი, გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილეები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი შეეწირა. მიზეზი შტატების შემცირება იყო. თუმცა ერთ–ერთი გათავისუფლებული აცხადებს, რომ მიზეზი მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნაა. ქეთი დეისაძის განცხადებით, მას "ნაციონალურ მოძრაობასთან" მეგობრობა ვერ აპატიეს.
„სამი წელია მდევნიან და მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ჩემს წინააღმდეგ, რადგან ვმეგობრობ გია თევდორაძესთან. ამიტომ მინდა სასამართლომ დაადგინოს გათავისუფლების კანონიერება. გაერთიანება ერთ-ერთი აიპია, რომლის თანამშრომლებსაც მეორედ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ მისცეს და არც ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადდა კონკურსი. ადგილებზე ნაცნობობით და მეგობრობით დაინიშნენ ადამიანები“,-განაცხადა დეისაძემ. მისივე თქმით, გათავისუფლება უკანონოდ მოხდა, რადგან მას რამდენიმე თვის წინ ატესტაცია აქვს გავლილი და კანონი ატესტაციაგავლილი თანამშრომელის სამი წლის განმავლობაში გათავისუფლებას კრძალავს.
გათავისუფლებულების განცხადებით, მოულოდნელი რეორგანიზაციის უკან ისინი ქალაქის მერს მოიაზრებენ. მათი განცხადებით, ნანა ლორთქიფანიძე ასეთ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვერ მიიღებდა. მათთვის შტატების შემცირების მიზეზი არადამაჯერებელია. ისევე როგორც ქეთი დეისაძე, გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილეები, მაკა ნაცვლიშვილი და მაკა დოღონაძე აპირებენ სასამართლოს მიმართონ.
ეს იქნება მეორე ტალღა გაერთიანებისა და მისი ყოფილი თანამშრომლების სასამართლო დავისა.
პიერველი ეტაპი კი ამ დროისათვის გათავისუფლებული გამგეების გამარჯვებითაა დასრულებული. #15 ბაღის გამგემ ნანა კაკურიამ ერთი ინსტანცია მოიგო და სამსახურშიც დაბრუნდა, თუმცა ეს დროებითია, რადგან გაერთიანებამ სასამართლოს განაჩენი უკვე გაასაჩივრა. ბაგა- ბაღების გაერთიანების იურისტის რამაზ იობიძის განცხადებით, სააპელაციოს მათი საჩივარი საქალაქოს სასამართლოს განაჩენის გაბათილების შესახებ წარმოებაში ამ დრომდე არ მიუღია.
რაც შეეხება გაერთიანების ხელმძღვანელის ახლადგათავისუფლებულ მოადგილეებს, მაკა დოღონაძესა და მაკა ნაცვლიშვილს ყოფილი თანამშრომლები მათზე ნიშნის მოგებით საუბრობენ. როგორც გათავისუფლებული გამგეები "ახალ გაზეთთან" იხსენებენ, მოადგილეები მათ აქციისა და პროტესტის გამო სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდნენ, ამჯერად კი, თავად აღმოჩნდნენ გაერთიანების მიერ გარიყულები.
შემცირებას რეორგანიზაციას უკავშირებს ააიპ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე და აღნიშნავს, რომ არანაირ პოლიტიკურ და პიროვნულ დევნას ადგილი არ ჰქონია. მისი განმარტებით, გაერთიანებაში ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება მიმდინარეობს. ასევე დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება ხელმძღვანელთან, ამ შემთხვევაში მერთან ერთად მიიღო.
"ბაღების გაერთიანებაში მოხდა რეორგანიზაცია, რამაც გამოიწვია შტატების შემცირება. ჩვენ ვახორციელებთ ოპტიმიზაციას და სულ მალე ახალ, სრულიად ჯანსაღ მოდელს ჩამოვაყალიბებთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, მას ქვემდებარე ყოველთვის ხელმძღვანელთან ერთად იღებს",-განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.
რას გულსხმობს ახალი მოდელი და რას სთავაზობს გაერთიანება აღსაზრდელებს? - ამის შესახებ პასუხის მისაღებად ნანა ლორთქიფანიძეს იურისტ რამაზ იობიძესთან გადაგვამისამართა, თავად იობიძემ განაცხადა, რომ მის კომპეტენციაში სამართლებრივი საკითხები შედის და არა გაერთიანების გეგმებზე საუბარი.
თუ რამდენად კანონიერად მოხდა რეორგანიზაცია ბაღების გაერთიანებაში, ამის დადგენა სასამართლოს პრეროგატივაა. თუმცა „ახალმა გაზეთმა“ ამის შესახებ განმარტება "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი სანტურიანის თხოვა. მისი განცხადებით, თუ დამქირავებელს აქვს გათავისუფლების რეალური საფუძველი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია შრომის კოდექსის 37–ე მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენება.
"შრომის სამართლებრივი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები თუ გვექნება სახეზე, შესაძლებელია, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა, მაგრამ უნდა მოხდეს შესწავლა, რამდენად რეალურად მოხდა შტატის გაუქმება და რეორგანიზაცია, ხომ არაა ეს ფორმალურად სახელების გადარქმევა, თითქოსდა, გაუქმდა შტატი, ასევე, რამდენად მიზანშეწონილი და საჭირო იყო შტატების შემცირება? - ამ საკითხების შესწავლის შემდეგაა შესაძლებელი განცხადება, რამდენად კანონიერად გათავისუფლდნენ თანამშრომლები. ის ფაქტი, რომ ატესტაცია გაიარა, არაა გარანტი. შესაძლოა, ადამიანმა გაიარა ატესტაცია, მაგრამ ის აღარ ასრულებს ვალდებულებას, ამ შემთხვევაში ზარალდება დამსაქმებელი და მას აქვს უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება, ოღონდ უნდა მოხდეს საქმის სრულყოფილად განხორციელება", –განაცხადა სანტურიანმა „ახალ გაზეთთან“ საუბარში.
ვიდრე გაერთიანება, თანამშრომლები და მერია ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებული, ზარალდება ბავშვების ინტერესები. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ოთხი ბაღის გამგე სამსახურიდან იმიტომ გაუშვეს, რომ მათი ერთდღიანი გაფიცვით ბავშვების უფლებები დაირღვა. იმის გამო, რომ ზამთარში ბავშვებს ცივი წყლით არ უწევდეთ ხელების დაბანა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია ბაღებში გასულ წელს უნდა დაწყებულიყო. როგორც გაერთიანების მიერ გათავისუფლებული გამგე ზაალ ხონელიძე ირწმუნებოდა, ამ საქმისათვის გამოყოფილი თანხით გაერთიანებამ რემონტსა და პრემიებში დახარჯა. „2015 წლის დეკემბერში ბავშვების ცხელი წყლისთვის განკუთვნილი თანხები გაერთიანების გარემონტებაში დაიხარჯა, რომელიც ცოტა ხნის წინ გარემონტდა. 2015 წლის 30 დეკემბერს ბავშვების ცხელი წყლისთვის განკუთვნილი თანხებით გაერთიანების წარმომადგენლებმა სრული პრემია აიღეს. ამ ფაქტებს გაფორმებული დოკუმენტაცია, ევროსტანდარტებით მოწყობილი კაბინეტები და ავეჯი ადასტურებს, რომელსაც ვადაგასული პროდუქტის მსგავსად, ვერავინ გააქრობს. ქუთაისის რეალობაა, რომ ბავშვები ბაღებში დღეში მინიმუმ სამჯერ გაყინული წყლით იბანენ ხელ-პირს ", –აცხადებდა ხონელიძე.
ინფორმაციას უარყოფდნენ მერიაში. მოგვიანებით, ქუთაისის მერიამ გაერთიანების ფილიალებში ცხელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის 500 000 ლარი გამოყო, თუმცა, სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. როგორ გაერთიანების შესყიდვების კოორდინატორი აკაკი ორბელაძე განმარტავს, ტენდერი 18 აპრილს გამოცხადდა და 10 მაისს დასრულდა.
ამჟამად ხელშეკრულება შპს "თაგი"–სთან ფორმდება, რომელმაც შეთავაზებული 530 000 ლარის ნაცვლად სამუშაოები 424 000 ლარად, 106 000 ლარით ნაკლებად უნდა შეასრულოს. თანხაში გამარჯვებულმა ყველა ფილიალში ცხელი წყლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს. სამუშაოები 70 დღეში უნდა დასრულდეს. სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლიდან ბაღებში ცხელის წყლის სერვისი იქნება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი