პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე განკარგულება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე განკარგულება დღეს გამოსცა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერილი განკარგულება კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს უკვე გადაეგზავნა.
"საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერით უკვე გადაეგზავნა პრემიერ-მინისტრს.
პრეზიდენტის ახალ განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს ხელი.
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან კი ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. როგორც კი არჩევნების დანიშვნის თაობაზე ბრძანებას მოეწერება ხელი, ამოქმედდება აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.
ამასთან, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, დაიწყება ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს და კანდიდატებს უკავშირდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა