"ქალებმა ავიღოთ ინიციატივა და ყველა გამოწვევა ვაქციოთ შესაძლებლობად"
"ჩვენს ქვეყანას აქამდე არ ქონია შანსი, რომ მაღალ არჩევით თანამდებობაზე ქალი აგვერჩია. მე მინდა, ჩემი ბრძოლა მერობისთვის იყოს მაგალითი იმისა, რომ არ არსებობს კარი, რომელსაც ჩვენ ვერ შევაღებთ, არ არსებობს სირთულე, რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ, არ არსებობს საქმე, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით და არ არსებობს მწვერვალი, რომელსაც ჩვენ ვერ დავიპყრობთ", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ თბილისში, პარტიის ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე.
მისი განცხადებით, ქალებმა ინიციატივა თავის თავზე უნდა აიღონ და არ დაელოდონ მათთვის მიჩენილ ადგილს.
„ავიღოთ ინიციატივა და ყველა გამოწვევა ვაქციოთ შესაძლებლობად, უპერსპექტივობა ვაქციოთ პერსპექტივად, უიმედობა - იმედად... მე, როგორც 4 შვილის დედა, პირდაპირ გეუბნებით, რომ არსებობს სტერეოტიპი, რომ არ შეიძლება იყო მზრუნველი დედა და იყო საზოგადოებრივად აქტიური ქალი. პირიქით, ჩვენ გვესმის ყველაზე მეტად, რომ ჩვენს შვილებს სჭირდებათ მომავალი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ყრილობაზე პარტიამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლელა ქებურია დაასახელა. ეს უკვე მეორე კანდიდატი ქალია ელენე ხოშტარიას შემდეგ, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში "ევროპული საქართველოს" სახელით მერის პოსტისათვის იბრძოლებს.
პარტიას ქუთაისში მერობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია.
ვინ იქნება "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ქუთაისში?
ქუთაისის მერის პოსტზე გიორგი გოდაბრელიძის კანდიდატურა განიხილება
ავტორი: ნიუპრესი