„ქართული ოცნების“ ყრილობა 14 მაისს გაიმართება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 14 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში, პარტიის რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართება.
აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, მოსაწვევები, პირველ რიგში, პარლამენტში გაიგზავნა. მოსაწვევები ასევე
დაეგზავნათ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარტიებს.
„პარტიის ყრილობა ძალაშია. 14 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში პარტიის რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართება. რაც შეეხება მოსაწვევების თემას, არ ვიცი, რა საფუძველი აქვს ამ ყველაფერს. რეალურად, მოსაწვევი დაეგზავნა ყველა ადრესატს. პირველ რიგში მოსაწვევები დაიგზავნა პარლამენტში - ჩვენს ფრაქციაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოსაწვევების თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ ”ქართული ოცნების” ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი ჯერ არ მიუღია. როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, უკვირს, რატომ დააგვიანეს მოსაწვევის გაგზავნა.
”მეც მიკვირს რატომ დააგვიანეს მოსაწვევის მოცემა. ალბათ, არის სადღაც და მომცემენ, თუ საერთოდ უნდათ ჩემი მისვლა ყრილობაზე“, - განაცხადა ნიშნიანიძემ.
კობახიძის განცხადებით, მოსაწვევები ყოფილ პრემიერებს, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაეგზავნათ.
ავტორი: