|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი საკუთარი საბჭოს მიმართვას დუმილით პასუხობს

ქუთაისის მერი  მრჩეველთა საბჭოს მიმართვას დუმილით პასუხობს. გიორგი ჭიღვარია ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს და არ აფიქსირებს პოზიციას პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით.

რამდენიმე თვის წინ გიორგი ჭიღვარია "ნიუპრესთან" აცხადებდა, რომ პარლამენტი მნიშვნელოვანი იყო თვითმმართველობისთვის და მისი გადატანის შემთხვევაში მერია ისე მოიქცეოდა, რისი უფლებაც ქონდა, რას გულისხმობდა მერი უფლებაში დამატებით კომენტარი არ გაუკეთებია. მას შემდეგ, რაც პარლენტის უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის გადატანაზე, ფაქტის შეფასება მერს, ჯერ კიდევ სექტემბერში ვთხოვეთ, თუმცა პრესსამსახურმა მერის კომენტარი ამ დრომდე არ მოგვაწოდა და ვერც პირადად მერთან გასაუბრება მოვახერხეთ. რეგიონში პარლამენტის როლის მნიშვნელობაზე პოზიცია არც იმერეთის გუბერნატორმა დააფიქსირა. ერთადერთი თვითმმართველობიდან ამ თემაზე კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ გააკეთა, თუმცა პირად შეფასებას თავი აარიდა და განაცხადა, რომ მისი პოზიცია თანხვედრაშია მისი ამომრჩევლის პოზიციასთან, რომელიც მიიჩნევს, რომ პარლამენტის ადგილი ქუთაისშია.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს რამდენიმე წევრმა მერს პარლამენტის ადგილმდებარეობის  შესახებ პოზიციის დაფიქსირებისკენ რამდენიმე დღის წინ მიმართა. ქუთაისის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში საზოგადოების წარმომადგენლები შედიან, მას "საიას" იურისტი ნოდარ ჯიქია ხელმძღვანელობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი