ქუთაისის მერის ასი დღის ანგარიში- მითი და რეალობა
ქუთაისის მერიამ ასი დღის ანგარიშის ჩაბარება საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან პირისპირ საუბარს, "იმიჯმეიკერების" მიერ მომზადებული ვიდეო კლიპის წარდგენით ამჯობინა. როგორც ცნობილი გახდა, მერიამ ამ კლიპის დასამზადებლად 4800 ლარი გადაიხადა.
კლიპის დასაწყისშივე ვიცე მერი ნინო თვალთვაძე გვეუბნება: "ჩვენი პირველი და მთავარი საზრუნავი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებია"... ახალი გუნდი ბიუჯეტში ცვლილებებს ითხოვს და ის სოციალურად უფრო ორიენტირებული ხდება- გვეუბნება ხმა კლიპიდან.
რეალურად კი, ბიუჯეტში წელს სოციალური და ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება მნიშვნელოვნად - 2 მილიონ 100 ათასი ლარით არის შემცირებული. შემცირდა მადლიერების სახლის ბენეფიციართა რაოდენობა, ასევე შემცირდა სააღდგომო ნობათის მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა.
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 2017 წელს დაფინანსება 6 მილიონ 415 ათასი ლარია, 2018 - ში კი 4 მილიონ 313 ათასი ლარია.
ქუთაისის ვიცე მერის ნინო თვალთვაძე "ნიუპრესთან" საუბარში ადასტურებს, რომ ბიუჯეტში სოციალური სფეროსათვის განკუთვნილი ხარჯებისათვის თანხა მართლაც შემცირდა და ეს არის 2 მილიონ ლარზე მეტი, მაგრამ თანხა არ მოკლებია სოციალურ პროექტებს. ამას კი ის ახსნა აქვს, წინა წლის ბიუჯეტში სოციალური საცხოვრისის მშენებლობისათვის 2 მილიონ 900 ათასი ლარი იყო განკუთვნილი, ბუნებრივია, 2018 წლის ბიუჯეტში ეს თანხა ვერ მოხვდებოდა, რამაც გამოიწვია ხარჯების შემცირება. წელს სოციალური საცხოვრისისათვის ბიუჯეტში თანხა არის განკუთვნილი, მაგრამ ეს ნახევარ მილიონ ლარამდეა. ნინო თვალთვაძის თქმით, სინამდვილეში სოციალური პროექტების დაფინანსება გაიზარდა.
კლიპში გვეუბნებიან, რომ კონკურსში შშმ ბავშვების უფლებების დაცვის საუკეთესო გამოცდილებისათვის ქუთაისის მერია დაჯილდოვდა - სინამდვილეში, ეს ჯილდო ქუთაისის მერიამ რამდენიმე სხვა მუნიციპალიტეტთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციისაგან 2017 წლის საქმიანობის გამო მიიღო, რაც ახლანდელი გუნდის დამსახურებად ნაკლებად ჩაითვლება.
მერია თავს იწონებს "თეთრი ხიდის"რეაბილიტაციის პროექტით, რომელმაც ჯერჯერობით უამრავი შეკითხვა და საზოგადოების გულისწყრომა დაიმსახურა, რაც ხიდზე ქვების იმიტირებას უკავშირდება, ასევე რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი, რომელზეც ჯერ მხოლოდ კითხვები და ზეპირი განცხადებები არსებობს.
სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ ახალი გუნდის გადაწყვეტილების სპორტულ და სახელოვნებო დაწესებულებებში სწავლის გადასახადი გაუქმდა, რაც წინა მერის საქმიანობის ბოლო პერიოდში დაწესდა.
აგრეთვე სიმართლეა ის, რომ მესხიშვილის თეატრი საგასტროლოდ გაემგზავრა და ამაში თავისი წვლილი ქუთაისის მერიამაც შეიტანა.
მერიის მიერ წარმოდგენილმა ანგარიშმა საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლების არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა.
"მგონია, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში გავიღვიძე", -მოკლედ აფასებს კლიპს მესამე სექტორის წარმომადგენელი ილიკო ნაცვალაძე.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია კი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ კლიპში ქალაქის ახლანდელი ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" დროს რეაბილიტირებული და აშენებული შენობებითა და ქუჩებით იწონებს და არაფერს ამბობს ჩინოვნიკებისათვის ხელფასების ზრდაზე.
ეს კლიპი აცდენილია რეალობას და მასში არ არის საუბარი იმაზე, "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო როგორ დაკარგა ქალაქმა ფუნქცია, როგორ გარბის ქალაქიდან მოსახლეობა, იკარგება სამუშაო ადგილები და ღარიბდება მოსახლეობა. ამ კლიპში ვერ მოხვდა მერიის პირველსავე დღეებში მიღებული გადაწყვეტილება ხელფასების და ბიუროკრატიის ზრდაზე, რომლის გამოც თვითმმართველობის შენახვა ქუთაისელებს დამატებით 1 მილიონ 800 ათასი ლარი დაუჯდებათ.
ეს ანგარიში მერიამ მხოლოდ საკრებულოს უმრავლესობას წარუდგინა და მან ვერ გაბედა ოპოზიციასთან ამ ანგარიშის განხილვა. ის ასევე არ ესწრება საკრებულოს სხდომებს და გაურბის კრიტიკული და განსხვავებული მოსაზრებების მოსმენას", -ამბობს გიგა შუშანია.
ავტორი: ირინა მაკარიძე