ქუთაისში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი "ოქროს საწმისის ძიებაში" დასრულდა
ქუთაისში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი "ოქროს საწმისის ძიებაში" დასრულდა.
"დასრულდა ორდღიანი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი, რომელსაც პირველად უმასპინძლა ქუთაისმა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და ვფიქრობთ, რომ იყო ძალიან წარმატებულიც. ფორუმში მონაწილეობა მიიღო ასამდე ადგილობრივმა მეწარმემ, გვყავდა ძალიან ბევრი სტუმარი, დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ელჩები, ქუთაისში ასევე იმყოფებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურის წარმამადგენლები. ჩვენი ფორუმის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება დაეთმო "ევროპის დღეები 2019"-ის გახსნას და მოხარულები ვართ რომ ამ დღეების გახსნა სწორედ ქუთაისიდან დაიწყო"- განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თალთვაძემ.
ფორუმის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ადგილზე გაცნობოდნენ. ისინი ვიზიტით იმყოფებოდნენ ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და ტექსტილის მწარმოებელ ქარხანაში.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მოაწყო პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი იმერეთის რეგიონის ცენტრში. საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ინიცირებული იყო, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი აქტივობა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის ფარგლებში.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა შემუშავებულ იქნა ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. გეგმის მთავარი მიზანია ქალაქში ეკონომიკური აქტივობისა და სამუშაო ადგილების გაზრდა.
ქუთაისი არის პირველი ქალაქი რეგიონში, რომელმაც ადგილობრივ და უცხოელ ასობით ინვესტორს უმასპინძლა, რათა უკეთ გაეცნოთ ქუთაისის საინვესტიციო პოტენციალი და მისი ფუნქციური ადგილები. ბიზნეს ფორუმის მონაწილები პლენარულ სხდომებს თავიანთი ინტერესის სფეროების მიხედვით ესწრებოდნენ და მონაწილეობდნენ დისკუსიებში. ფორუმის განმავლობაში ისინი შეხვდნენ და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს უკვე შემდგარ მეწარმეებს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ მოხდა საინვესტიციო პოტენციალის წარდგენა და ქალაქში არსებული საინტერესო ბიზნეს შეთავაზებების გაცნობა. ბიზნესის წარმომადგენლებთან წარიმართა დისკუსია მათი გამოწვევებისა და მხარდაჭერის საჭიროების შესახებ ქალაქის მხრიდან.
[R]
ავტორი: ნიუპრესი