"რა ტრაგედიასაც "გაზპრომთან" დაკავშირებით ხატავენ, არის მარაზმი და არასწორი"
ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომთან" დაკავშირებით, ე.წ. ექსპერტები არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ. კახა კალაძე მზადაა აღნიშნულ ექსპერტებს შეხვდეს და მათ შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.
„თუ ვინმეს მართლა აქვს სურვილი სერიოზულად გაერკვეს დეტალებში, ენერგეტიკის სამინისტრო, პირადად მე, მზად ვარ შევხვდე და რეალურად მივაწოდო ყველა ინფომაცია. ვთხოვ თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. მათი მხირდან სახელდება არასწორი ციფრები, რომელიც არის ძალიან დიდი სიცრუე“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, ენერგეტიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ არ არის პირველი წელი, როდესაც ქართულ მხარეს გაზპრომთან ურთიერთობა აქვს და აღნიშნა, რომ არსებული ხელშეკრულების გადახედვა ყოველწლიურად ხდება.
"არსებული ხელშეკრულების გადახედვა ყოველწლიურად ხდება, თუმცა ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის, რომ ხელშეკრულებების პირობები შეიცვალოს, ფულად ანაზღაურებაზე გადავიდეთ, ანუ გატარებული მოცულობის 10 %-ის მაგივრად, ჩვენ გადაგვიხადონ თანხები. როდესაც გარკვეული შეთანხმება მიღწეული იქნება, ყველასთვის ცნობილი გახდება. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საუბარია ერთწლიან ხელშეკრულებზე, ამიტომ რაღაც ტრაგედიებს რომ ხატავენ ე.წ. „ექსპერტები“ არის მარაზმი და არასწორი", - განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროება მთავრობისგან "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პარტიამ მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტისა და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზების მიზნით აქტიური კამპანიის დაწყება დააანონსა.
"საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხისგან დაფარულად აწარმოებს ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს, რაც რუსული "გაზპრომის" საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე შემოსვლას ითვალისწინებს. მთავრობის განცხადებები თითქოსდა აღნიშნული ქმედება ხორციელდება პრაგმატული დივერსიფიკაციის მიზნით, არის სიცრუე - გაზის მოწოდება განხორციელდება "გაზპრომის" მილსადენით, "გაზპრომის" სრული კონტროლით და შესაბამისად, პირდაპირ უკავშირდება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესს. მთავრობის გადაწყვეტილება ასევე მიმართულია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში სტაბილურად და შეუფერხებლად აწვდიდა ენერგომატარებლებს საქართველოს და არაერთგზის განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერი რაოდენობის გაზი ხელსაყრელ ფასად მიაწოდოს ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი