რას გულისხმობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია?
ევროკავშირისა და ნატო-ს შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობებში ცნობიერების ამაღლების მიზნით დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი გაიმართა.
სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, პაპუნა შენგელაიამ გახსნა. ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდნენ სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ საქართველოს რწმუნებული-გუბერნატორის აპარატებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, გუბერნატორის, მერისა და გამგებლის მოადგილეების დონეზე. ასევე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დასავლეთის რეგიონალური ცენტრების ხელმძღვანელებმა.
ორდღიანი სემინარის ფარგლებში, განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები და არსებული თანამშრომლობის მექანიზმები, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმება და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტი, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი, რეფორმები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სფეროში, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირში, რეალობა და მითები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა მოსახლეობის ინფორმირების კუთხით.
სემინარის დახურვაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სერტიფიკატები გადასცა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.
ორდღიანი სემინარი წყალტუბოში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
ავტორი: ნიუპრესი