|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

                 

მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

     

            არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. 

                 თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. 

       მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა). 

         მშობლებს შეიძლება დაევალოთ, გაწიონ თავიანთ მეურვეობას ან მზრუნველობას გადაცემული შვილის რჩენის ხარჯები ამ კოდექსის ან სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

 შვილების მოვალეობა მშობლების მიმართ

 შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ.

       სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

        შვილები შეიძლება განთავისუფლდნენ მშობლების რჩენის მოვალეობისაგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შესრულებას.

         მშობელი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, კარგავს შვილებისაგან ალიმენტის მოთხოვნის უფლებას.

         თითოეული შვილის მონაწილეობას იმ შრომისუუნარო მშობლის რჩენაში, რომელიც დახმარებას საჭიროებს,განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, მშობლებისა და შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მშობლების ყველა

        სრულწლოვანი შვილის მოვალეობას მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმართ. 

  შვილების მონაწილეობა დამატებით ხარჯებში

სხვაგვარი შეთანხმების არარსებობისას შვილებს, რომლებიც ალიმენტს უხდიან შრომისუუნარო მშობლებს, შეიძლება დაეკისროთ მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (მშობლების მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

     სარჩელი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ

     მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ.

      იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

       ალიმენტის ოდენობის შეცვლა მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლის გამო.

       თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ,რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ,ან შვილებმა - შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა.

 

                                 ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო მოვალეობანი 

 და-ძმების ურთიერთრჩენის მოვალეობა

დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დები ან/და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი დების ან/და ძმების მიმართ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავის მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან. 

შვილიშვილის საალიმენტო მოვალეობა შრომისუუნარო პაპისა და ბებიის მიმართ

შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო პაპა და ბებია,რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი შვილისაგან ან ერთმანეთისაგან.

         პაპისა და ბებიის საალიმენტო მოვალეობანი შვილიშვილების მიმართ

პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან. 

  მამინაცვლისა და დედინაცვლის საალიმენტო მოვალეობა

 

მამინაცვალი და დედინაცვალი, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ან/და შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები. 

 

გერის საალიმენტო მოვალეობა

 

   გერი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო მამინაცვალი ან/და დედინაცვალი, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, თუ ისინი ადრე ზრდიდნენ ან არჩენდნენ მას.

               სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს გერი მამინაცვალის ან/და დედინაცვლის რჩენის მოვალეობისაგან, თუ ისინი მას ზრდიდნენ ან არჩენდნენ ხუთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, აგრეთვე, თუ ისინი სათანადოდ არ ასრულებდნენ გერის აღზრდის მოვალეობას. 

 საალიმენტო მოვალეობანი ფაქტობრივი აღმზრდელის მიმართ

  პირი, რომელიც იმყოფებოდა მუდმივ აღსაზრდელად და სარჩენად, მოვალეა მისცეს სარჩო თავის ფაქტობრივ აღმზრდელს, თუ იგი შრომისუუნაროა, საჭიროებს დახმარებას, მაგრამ მისი მიღება არ შეუძლია თავისი შვილების ან მეუღლისაგან. 

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის წესი

      ზემოთ მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

      თუ ოჯახის რჩენა ერთდროულად რამდენიმე პირის მოვალეობაა, სასამართლო მათი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით განსაზღვრავს თითოეულის წილის ოდენობას ამ მოვალეობის შესრულებაში; ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ალიმენტის გადამხდელ ყველა პირს, იმისდა მიუხედავად, ალიმენტს სთხოვენ ყველა ამ პირს, თუ მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მათგანს.

                                ალიმენტის ოდენობის შეცვლა

თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს,ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. 

                    ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესი

                                  ალიმენტის გადახდა ნებაყოფლობით

      ის პირი, რომელიც მოვალეა ალიმენტი იხადოს, ნებაყოფლობითი წესით იხდის მას პირადად შემოსავლის მიღების ადგილის მიხედვით.

     ლიმენტის ნებაყოფლობით გადახდის წესი არ გამორიცხავს ალიმენტის მიმღების უფლებას, ნებისმიერ დროს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების შესახებ. 

სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაციის მოვალეობა ალიმენტის გადახდისას


      სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაცია ალიმენტის გადამხდელს ხელფასიდან(პენსიიდან, დახმარებიდან და სხვ.) ყოველთვიურად უკავებს ალიმენტს წერილობითი განცხადების ან სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და უხდის ან უგზავნის განცხადებაში ან სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებულ პირს არა უგვიანეს სამი დღისა ხელფასის (დახმარების, პენსიის და სხვ.) გაცემის დღიდან.

       იმ პირის წერილობითი განცხადება, რომელსაც სურს ალიმენტის ნებაყოფლობითი გადახდა, უნდა წარედგინოს სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაციას განმცხადებლის სამუშაო ადგილის ან მის მიერ პენსიის ან დახმარების მიღების ადგილის მიხედვით. 

 ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნა

      იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

       ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.  

ალიმენტის დავალიანების გადახდევინება

    სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამი წლისა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე.

  იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალის ძებნასთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა გადასახდელად წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დაკავება, ალიმენტის დავალიანებას ახდევინებენ მთელი გასული პერიოდისათვის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან/და ალიმენტის მიმღები პირის მიერ სრულწლოვანების მიღწევის მიუხედავად. 

ალიმენტის დავალიანების განსაზღვრა

      ალიმენტის დავალიანება განისაზღვრება მოვალის მიერ იმ პერიოდში მიღებული ფაქტობრივი ხელფასიდან (შემოსავლიდან), რომლის განმავლობაშიც არ მომხდარა გადახდევინება.

      თუ მოვალე ამ პერიოდში არ მუშაობდა და მან არ წარმოადგინა თავისი ხელფასის (შემოსავლის) დამადასტურებელი დოკუმენტები, დავალიანება განისაზღვრება იმ ხელფასის (შემოსავლის) მიხედვით, რომელსაც იგი იღებდა დავალიანების გადახდევინების დროს. 

ალიმენტის გადახდისგან განთავისუფლება

      ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

       სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.

 

საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტა

მხარეთა შეთანხმებით წარმოშობილი საალიმენტო ვალდებულება შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მხარის გარდაცვალებით, შეთანხმების ვადის გასვლით ან ამ შეთანხმებაში გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

ავტორი: ნიუპრესი