"რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე"
საზოგადოებრივი პროექტის damoukidebloba.com-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში თავმოყრილია ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც, კვლევის ავტორების შეფასებით, პრორუსული რიტორიკით გამოირჩევიან. ავტორები ორ ორგანიზაციას გამოყოფენ - „ევრაზიის ინსტიტუტსა“ და „ევრაზიული არჩევანს“. ხაზგასმულია ის გარემოება, რომ თითოეული ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი პარალელურად სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებიც არიან.
ინსტიტუტის პარტნიორები არიან ააიპ „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელმაც თავის მხრივ მედია-გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ (Geworld.ge) დააფუძნა.
„ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორებს შორისაა აგრეთვე საინფორმაციო პორტალები „საქინფორმი“ და „ივერიონი“. „ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე ყოფილ სახალხო დამცველთან ნანა დევდარიანთან ერთად არის „კავკასიური თანამშრომლობის“ დამფუძნებელი. თავის მხრივ ნანა დევდარიანი რამდენიმე ორგანიზაციის დამფუძნებელიცაა, მათ შორისაა „გლობალური კვლევების ცენტრი“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“.
ორგანიზაცია „ევრაზიულ არჩევანს“ არჩილ ჭყოიძე ხელმძღვანელობს. მისი დაფუძნებულია „ერეკლე მეორის საზოგადოებაც“, რომელიც ასევე პრო-რუსული რიტორიკით გამოირჩევა. არჩილ ჭყოიძეს ყველაზე ხშირად ციტირებენ რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები. „ევრაზიულ არჩევანს“ აქვს საკუთარი ინტერნეტ ტელევიზიაც „პატრიოტი TV”.
ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების აქტიურობა ორი მიმართულებით ხორციელდება, თუ „ევრაზიული ინსტიტუტი“ ძირითადად ანალიტიკური საქმიანობით, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებით არის დაკავებული, „ევრაზიული არჩევანი“ უფრო პროაქტიულ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და სხვადასხვა აქციებსა და დემონსტრაციებს მართავს.
აღნიშნული ორგანიზაციებიდან არც ერთს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს დაფინანსების წყაროები. თუმცა რამდენიმე რუსულ ფონდს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები პარტნიორების სიაში თავად ჰყავს შეყვანილი მათ შორისაა ევრაზიული კავშირისა და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ორგანიზაცია “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა”, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია“Русский Мир”
საქართველოში აქტიურად მუშაობს „გორჩაკოვის ფონდიც“, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა, მისი მრჩეველთა საბჭოს წევრი კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია. „გორჩაკოვის ფონდმა“ საქართველოში დააფუძნა რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი, რომელსაც ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობდა.
ავტორი: ნიუპრესი