|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიას კანონდარღვევაში ედავებიან

ქუთაისის მერიის მიერ საკრებულოსათვის წარდგენილ საბიუჯეტო ცვლილებებში  უმცირესობამ  კანონდარღვევა ამოიკითხა.

მერიის მიერ წარმოდგენილი 1 200 000 ლარიანი ცვლილებით ირკვევა, რომ დაახლოებით 500 000 ლარი მერიამ თვითმმართველობის ანგარიშზე არსებული ნაშთიდან გამოიყენა. „ნაციონალი დეპუტატი“ ბესიკ ბრეგაძე ფაქტს არასწორ მენეჯმენტს და ბიუჯეტის უცოდინრობას უკავშირებს. მისი   განცხადებით, ამ ფაქტით აუდიტის სამსახური აუცილებლად დაინტერესდება, რადგან ნაშთი ბიუჯეტში წლის დასაწყისში უნდა დაფიქსირდეს და მისი ნაწილ–ნაწილ გამოჩენა დანაშაულია.

„წლის დასაწყისში ბიუჯეტში უნდა მოხდეს არსებული ნაშთის დაფიქსირება, რომ სხვადასხვა თანხებზე გაიწეროს. მაგრამ თვითმმართველობა ჯერ ამბობდა, რომ წინა წლიდან ნაშთი რაც იყო, ქალაქს მოხმარდა.  ახლა კი ვხედავთ, რომ ნაწილ–ნაწილ შემოაქვთ ცვლილებების სახით. ეს არის წარმოუდგენელი რამ და კანონდარღვევა, რადგან შეუძლებელია თანხა, რომელიც ქალაქის ბიუჯეტის არის, ბიუჯეტში არ ასახო. ამასთან ერთად წარმოადგინეს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 550 000 ლარი მოაკლდა. აქვე მინდა გამოვეხმაურო ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელიც ამტკიცებს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ მცირდება.  რას ნიშნავს პროგრამა კორპუსისთვის დაახლოებით 550 000 ლარის შემცირება, ასევე გარეგანათების, გამწვანებისა და სხვა პროექტების დაფინანსების შემცირება, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი არ მიმდინარეობს და აბა რას მოაკლეს ეს თანხა? მე გავაფრთხილე, რომ აუცილებლად დაინტერესდება აუდიტის სამსახური და პროკურატურა, რადგან ეს სისხლის სამართლის არა, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხსმგებლობის დარღვევაა“.

მომხდარი ფაქტი დარღვევად შეაფასა საკრებულოს „ლეიბორისტმა“ დეპუტატმა სამსონ გუგავამაც. მან დეპუტატებს ბიუჯეტში არსებული ნაშთის განკარგვისა და ასახვის კანონი  შეახსენა. მასში აღნიშნულია, რომ ნაშთი, რომელიც წინა წლის ბიუჯეტიდან არის გადმოყოლილი, მიმდინარე წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში უნდა იქნას ასახული, არა როგორც დანამატი, არამედ, როგორც ბიუჯეტის ნაწილი.

ოპოზიციონერი დეპუტატების  ბრალდებას არ იზიარებს ქალაქის მერი შოთა მურღულია და ოპონენტებს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვას ურჩევს.

„უნდა აღვნიშნო, რომ ქალაქში დაგეგმილი ყველა ღონისძიება დაფინასდება ბიუჯეტიდან. რაც შეეხება სატენდერო ეკონომიებს, გადანაწილდება იმის მიხედვით, თუ რა საჭიროებაც არის. არცერთ მიმდინარე პროექტს თანხა არ მოკლებია, ყველაფერი გეგმის მიხედვით სრულდება. ოპოზიციონერი დეპუტატების შენიშვნას ვერ დავეთანხმები, რადგან თუ კარგად ჩაიხედავენ წესდებაში, ნახავენ, რომ ნაშთი არის მორჩენილი თანხა, რომელიც ბიუჯეტში კი არ აისახა, არამედ თვითმმართველობის ანგარიშზეა. არსად წერია, რომ ეს თანხა ბიუჯეტში უნდა იყოს ასახული, მას თვითმმართველობა საჭიროების მიხედვით იყენებს. სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული თანხებიდან გაუხარჯავი ნაშთი მილიონ 200 000 აღწევს. ეს თანხა წლის  განმავლობაში ნელ–ნელა გამოვიყენეთ და კიდევ კარგი, ასე რომ მოვიქეცით. რომ არა ეს,  ქალაქში არ იქნებოდა ფეხბურთის და კალათბურთის გუნდები.  ვინმეს თუ მიაჩნია, რომ სპორტის ეს სახეობები არ უნდა იყოს,  ეს მათი პრობლემაა. ჩვენ გავაგრძელებთ მათ დაფინასებას, ვიდრე აუცილებელი იქნება. რაც შეეხება ნაშთს, თუ ვინმე თვლის კანონდარღვევად, ამ შემთხვევაში არსებობს სასამართლო და მიმართონ მას“, –განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქალაქის მერიამ ბიუჯეტში ამ ეტაპზე 1 200 000 ლარის ცვლილება შეიტანა. აქედან 700 000 ლარი სატენდერო ეკონომიების ხარჯზე, 481 000 კი დანამატის სახით. აღნიშნული თანხიდან 250 000 ორი მშენებარე ბაღის ინვენტარის შეძენას და მოწყობას მოხმარდება. 100000 ლარით გაიზარდა  ორმოული შეკეთების ბიუჯეტი,  კულტურის სფეროში არსებულ ღონისძიებათა ტრანსპორტირების ხარჯებს დაემატა 10 000,  700 000  ლარი  საფეხბურთო გუნდ „ტორპედოს’“ წლის ბოლომდე ხარჯებს, 370 000  კი საკალთბურთო გუნდს. 15 000 ლარი დაემატა ტურიზმის განყოფილებას.  20 000 ლარი სატრანსპორტო კონკურსის მიერ გამოვლენილ ტრანსპორტზე „ჯიპიეს“ კონტროლის დასაწესებლად.

როგორც ვიცე–მერი კონსტანტინე ქავთარაძე აღნიშნვს, ბიუჯეტის  მართვა ცოცხალი პროცესია, რომელშიც ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია.  თუმცა, მისივე განმარტებით, წინა წლის ნაშთი  ამოიწურა და მთავარ ფინანსურ დოკუმენტში  ცვლილება ეკონომიასთან ერთად მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული თანხით იქნება შესული.

 დაინტერესდება თუ არა აუდიტის სამსახური მერიის მიერ 2014 წლის ბიჯეტის ნაშთის  2015 წლის დასაწყისში ბიუჯეტში დაუფიქსირებლობით  და არის თუა არ ეს კანონდარვევა წლის ბოლოს გახდება ცნობილი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა