ფიქრია ბერაძე: "სახელმწიფო მომზადებული უნდა ხვდებოდეს ეპიდემიებს"
სეზონური ინფექციები განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულის პერიოდში ხდება. მათ გავრცელებას ხელს მაღალი ტემპერატურა უწყობს. არასათანადოდ დამუშავებული პროდუქტი, ჰიგიენის ნორმების დაუცველობა ინფექციის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია. როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან, ამ და სხვა კითხვებზე ექიმი ინფექციონისტი, კოალიცია „ხელმისაწვდომი ჯანდაცვისათვის“ დამფუძნებელი ფიქრია ბერაძე გვპასუხობს.
–ინფექციურ დაავადებებს სეზონურობა ახასიათებს. შემოდგომა-ზამთარი, ადრე გაზაფხული არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციების პერიოდი. ცხელი სეზონი კი ნაწლავური ინფექციების აქტიურ პერიოდად ითვლება, რასაც განაპირობებს მაღალი ტემპერატურა, ასევე ახალი ხილი და ბოსტნეული, რაც თერმულად დაუმუშავებლად მიირთმევა. ეს ყველაფერი იწვევს ნაწლავური ინფექციების მატებას. ინფექციები კლასიფიცირდება გადაცემის გზების მიხედვით. გადაეცემა ფეკალური–ორალური გზით, ანუ ინფიცირებული საკვებით, ან დაბინძურებული ხელებით ხვდება ორგანიზმში. საკვებად უვარგის პროდუქტს იღებს ადამიანი. ამ დროს ტოქსიკური კომპონენტია წამყვანი, რომელიც განსხვავდება კლასიკური ინფექციისგან. პრობლემა ლოკალიზებულია კუჭის დონეზე. თუ ვერ მოხდა დროული ჩარევა, ვრცელდება ნაწლავებში, ამის შემდეგ იწვევს ინფექციას.
–როგორ უნდა დავიცვათ თავის ნაწლავური ინფექციისგან?
–ნაწლავურ ინფექციას ის თვისება აქვს კარგი, რომ იცი მისი გავრცელების გზები და არსებული რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია. აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა. ასევე კარგად უნდა დაამუშაოთ პროდუქტი, მაღალ ტემპერატურაზე. ბოსტნეული და ხილი გარეცხოთ ჯაგრისითაც კი, რადგან ბოსტნეულს მიწასთან აქვს შეხება და ბევრი ბაქტერიის მატარებელიცაა. სათანადოდ უნდა გაირეცხოს, რომ საფრთხეები თავიდან იქნას აცილებული.
-რამდენად არის ინფექციის გავრცელების წყარო შინაური პირუტყვი და წყალი?
–რა თქმა უნდა, ესეც საფრთხის შემცველია, რასაც ზოონოზური ეპიდემია ეწოდება. ასეთ დროს ცხოველიდან ადამიანზე გადადის დაავადება. ერთი, ხდება არასათანადოდ თერმული დამუშავება და დაავადებულ ხორცს იღებს ორგანიზმი, რაც იწვევს ნაწლავურ ინფექციებს. ასევე არის დაავადებები, რომლებიც ცხოველებთან შეხებით გადადის, თუკი დაკვლის და გატყავების დროს კანი დაზიანებულია, კონტაქტის შედეგად ბაქტერები კანში ხვდება, ეს იწვევს კანის დაავადებეს. ასეთი ფაქტები, ჯილეხის შემთხვევა, ბოლო პერიოდში იმერეთში, კერძოდ კი, ხონში დაფიქსირდა.
რაც შეეხება წყალს, ის შეიძლება გახდეს მასიური დაბინძურების წყარო. სასმელი წყლის დაბინძურების შემთხვევაში ჩნდება მასობრივი დაავადებები, რაც არის ძალიან საყურადღებოა. ამიტომ წყალი სისტემატიურად უნდა მოწმდებოდეს.
ასევე დაავადებების წყაროა ზღვა და მდინარეები. ზაფხული არის ბანაობის სეზონი, შეიძლება ამ დროს წყალი მოხვდეს პირის ღრუში და განვითარდეს ნაწლავური ინფექციები. არაერთი შემთხვევა ზღვიდან დაინფიცირებისა. თუკი დროული ჩარევა მოხდება, შედეგს მალევე მივიღებთ.
–რამდენად ეფექტურია სპეციალური სამსახურის საქმიანობა, რომელსაც საკვების შემოწმება ევალება?
–არსებობს სურსათის ეროვნული სააგენტო, ჰყავთ რეგიონალური წარმომადგენლობები, რომელიც იდეაში ასრულებენ ამ სამუშაოებს, თუმცა რეალურად არაფერი ხდება. არ მოწმდება პროდუქტი, არ ხდება შინაური პირუტყვის შემოწმება. ადრე ასეთი სამსახური ჯანდაცვის სამინისტროში არსებობდა, მაგრამ გააუქმეს. ერთი შემთხვევაც კი საგანგაშოა. აუცილებლად უნდა იწყებოდეს მოკვლევა. საავადმყოფოში რომ მოხვდება ადამიანი ინფექციური დაავადებით,ეპიდემიური სამსახური უნდა ჩაერთოს. მოხდეს შემოწმება, რომელმა პროდუქტმა გამოიწვია დაინფიცირება. უნდა ჩატარდეს დეზინფექცია, რომ ეპიდემია არ განვითარდეს. ინფექცური დაავადებებთან ბრძოლის ყველა კომპენენტი ჯაჭვურად უნდა წარიმართოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინფექციური საავადმყოფო ჩვენთან კერძო დაქვემდებარებაშია. გაყიდეს, ამით გაუგონარი რამ ჩაიდინეს. როგორ შეიძლება, ეს საავადმყოფო ვინმე კერძო პირის საკუთრებაში იყოს? შარშან მენინგიტის ეპიდემია იყო, საავადმყოფოში ადგილები არ ჰქონდათ და პაციენტებს უბნის ექიმთან უშვებდნენ. ამით ეპიდემიის გავრცელებას უწყობდნენ ხელს. სახელმწიფო მომზადებული უნდა ხვდებოდეს ეპიდემიებს, წელს თუ არ არის, შეიძლება შემდეგ წელს იფეთქოს და ცუდ შედეგამდე მივიდეთ. ამიტომ უნდა იყოს ინფექციური საავადმყოფო სახელმწიფოს დაქვემდებარებაში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი