|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოუწესრიგებელი მოედნები დამნაშავის ძიებაში

რამდენიმე წლის წინ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით ხელისუფლებამ უბნებში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონები მოაწყო.  სტადიონები მალევე დაზიანდა, რასაც მოსახლეობა და შემდეგ უკვე ახალი მთავრობა  უხარისხოდ ჩატარებულ მშენებლობებს უკავშირებდა.  აცხადებდნენ, "ნაციონალური მოძრაობის" გაკეთებული ყველა პროექტი ერთჯერადი და უხარისხო იყო. დღეს კი მოსახლეობა იმას წუხს, რომ ახალი მთავრობა არათუ უხარისხოდ, თითქმის  აღარაფერს აკეთებს.

"ეს სტადიონები, რომ გაკეთდა, ნამდვილად კარგი პროექტი იყო. ბავშვები თამაშობდნენ,  ერთობოდნენ, სპორტით იყვნენ დაკავებული,  მაგრამ მალევე გაფუჭდა. როგორც ჩანს, არც თუ ხარისხიანად მოაწყვეს.  აიყარა საფარი, ღობე გაირღვა. სხვა გზა რომ არ აქვთ, ბავშვები მაინც თამაშობენ. ძველ ხელისუფლებას დავცინოდით, უხარისხოდ აკეთებენო და ახლა საერთოდ აღარავინ ინტერესდება. რამდენი ხანია,  ამ მდგომარეობაშია ეს სტადიონები, მაგრამ არავინ მოსულა მის  შესაკეთებლად", - განაცხადა სულხან-საბას მკვიდრმა ნუგზარ ანდღულაძემ.

მთავრობის ბრალეულობაზე მეტად ბავშვების და ახალგაზრდების დაუდევრობაზე ამახვილებს ყურადღებას  თეა იობიძე. მისი განცხადებით, ბავშვები შეგნებულად აზიანებდნენ საფარს.  კარიდან გასვლა რომ ეზარებოდათ,  მავთულის ღობეს არღვევდნენ. ის  მიიჩნევს, რომ მოედნის მოწყობაში  წვლილი ადგილობრივებმაც  უნდა შეიტანონ, რომ თავიანთ გაკეთებულს მეტად მოუფრთხილდენ.

მოედნების დაზიანებაში ადგილობრივების დანაშაულზე საუბრობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია.  მისი განცხადებით, ავტოქარხანაში მდებარე მოედნიდან  ერთ-ერთმა მოქალაქემ სტადიონზე დაგებული ხელოვნურის საფარი მოიპარა და სასაფლაოზე წაიღო. წულაია იმასაც აღნიშნავს, რომ მოედნები უხარისხოდ მოეწყო და პრობლემით დაინტერესებისკენ ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა.

"უხარისხოდ გაკეთდა, თუმცა თითო მინი-სტადიონისთვის დაახლოებით 100 000 ლარი იყო გამოყოფილი, სადაც დღეს თამაში შეუძლებელია. ქვიშაზეა "ნოხი" გადაგებული, რის გამოც გაფუჭდა ასე მალე.  ასევე, მოედნებს ხალხიც არ უფრთხილდება. მოედანზე დაგებული საფარი მოიპარეს და სასაფლაოზე წაიღეს. დენი კი "ავტოფარეხში" გადაიყვანეს“, –განაცხადა გოგი წულაიამ.

ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული სპორტული  მოედანი კი წინა ხელისუფლებამ საერთოდ გაასხვისა. ადგილობრივების ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა  დიდ ფულთან მიმართებაში მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა და მოედნის ადგილზე „სასტუმრო ბაგრატი 1003“ გაფართოვდა. ამავე მიზანს შეეწირა იქ არსებული ტანვარჯიშის დარბაზი, სადაც  ბავშვები სპორტის სხვადასხვა სახეობებს ეუფლებოდნენ. ქალაქის ამ ნაწილში სპორტული მოედანი აღარ გაკეთებულა.

ქალაქში არსებული სტადიონების უმეტესობა ცუდ მდგომარეობაში რომ არის,  ადასტურებს მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და გავითარების სამსახურის უფროსი  ვლადიმერ ნაკაშიძე. მისი განცხადებით, ქალაქში სულ 120 სხვადასხვა ზომის სტადიონია, რომელთაგანაც წელს ბიუჯეტიდან 12 სტადიონი მოეწყობა, რისთვისაც 268 000 ლარი გამოიყო.

"მიმდინარე წლის ბიუჯეტში სტადიონების რეკონსტრუქციას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. გამომდინარე იქედან, რომ 120 სტადიონია, ყველას ერთობლივად ვერ მოვაწყობთ. წლევანდელ ბიუჯეტში 12 სტადიონი მოხვდა, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. აქედან მხოლოდ ერთზე, სულხან-საბას დასახლებაში მოეწყობა ხელოვნური  ბალახის საფარი, სხვაგან ბეტონის საფარს დავაგებთ“, -აღნიშნავს  ვლადიმერ ნაკაშიძე.  მისი განმარტებით,  რეაბილიტაცია ითვალისწინებს საფარის მოწობას, ღობის და მავთულბადის რეკონსტრუქციას და გარეგანათების ფარების მოწყობას.  შედარებით დიდ სტადიონებზე კი დამონტაჟება ფარები, რომ ფეხბურთთან ერთად კალათბურთის თამაშიც შესაძლებელი იყოს.  ნაკაშიძე აღნიშნავს,  ტენდერი უკვე ჩატარებულია, ცოტა ხანში  გამარჯვებულ ფირმასთან კონტრაქტი გაფორმდება და სამუშაოებიც დაიწყება. რეაბილიტირებული 12 სტადიონი  ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებს  წლის ბოლოს ექნებათ.

მერიის შესაბამისი სამსახურის უფროსი ირწმუნება, რომ  „მოედნების მოწყობა მომავალ წლებშიც გაგრძელდება და საბოლოოდ, ყველა მოედნის რეაბილიტაცია მოხდება“ თუ ამ ტემპით გააგრძელებენ მუშაობას,  120 სტადიონის მოსაწყობად ქუთაისის თვითმმართველობას კიდევ 9 წელი დასჭირდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა