|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასამთავრობოები "რუსთვი 2"–ის ქონების დაყადაღების ფაქტზე

არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღებას ვრცელი განცხადებით ეხმაურებიან. ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსამართლის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის დანაწესის გამოუყენებლობასა და არხის კეთილსინდისიერი შეძენის ფაქტის ეჭვქვეშ დაყენების საკითხზე საუბრობენ. 1. განჩინება ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს და უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას განაპირობებს. განჩინება „რუსთავი 2“-ის დღევანდელი მფლობელების მიერ არხის კეთილსინდისიერი შეძენის ფაქტს ეჭვის ქვეშ არ აყენებს. „რუსთავი 2”-მა ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამა“-ს მხრიდან წილების გასხვისების შემდგომ არაერთი მესაკუთრე შეიცვალა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს კეთილსინდისიერ შემძენებთან. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ეს გარემოება ტელეკომპანიის წილების ამჟამინდელი მესაკუთრეებისგან ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემას გამორიცხავს. მით უმეტეს რომ, „რუსთავი 2“-ის დღევანდელი მფლობელების კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსი ქიბარ ხალვაშს სადაოდ არ გაუხდია და არც სასარჩელო მოთხოვნად დაუყენებია. ამ პირობებში გაუგებარია, სასამართლომ რატომ დაადო კომპანიისა და მისი მესაკუთრეების ძირითად ქონებას ყადაღა, ისე რომ არ შეამოწმა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და მოთხოვნასთან ყადაღის პროპორციულობის საკითხი. 2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, მოსამართლეს არ მიუთითებია მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებზე მიუთითებს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსის განხილვისას მან ვერ აჩვენა კონკრეტულად რომელი არგუმენტის გასამყარებლად დასჭირდა აღნიშნული მსჯელობა. ასევე, მოსამართლეს დეტალურად არ აქვს დასაბუთებული ის გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს გადაწყვეტილების აღსრულებას, რისი დასაბუთების ვალდებულებასაც კანონმდებლობა მოსარჩელეს აკისრებს, რაც შესაბამისად უნდა აისახოს სასამართლოს განჩინებაში. 3. მოსარჩელისათვის გარკვეული სახის გარანტიის წარდგენის ვალდებულების დაკისრების შესახებ სასამართლოს არ უმსჯელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, მოპასუხისათვის შესაძლო ზიანის მიყენების შემთხვევაში, მისი სათანადო ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე. განჩინების საფუძველზე ყადაღის დადების გარდა, რომელმაც ტელეკომპანიასა და მის მესაკუთრეებს ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა შეუზღუდა, დირექტორატს მმართველობითი ფუნქციების ნაწილი შეეზღუდა, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გავლენა იქონიოს მათ მიერ კომპანიის სათანადოდ მართვის შესაძლებლობაზე და „რუსთავი 2“-ისთვის ფინანსური და მატერიალური ზარალის მიყენების რისკები გააჩინოს. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ იმსჯელა მოსამართლემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს აქვს უფლება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხისათვის შესაძლო ზიანის მიდგომის რისკის არსებობისას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან ერთად, მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად წარადგინოს შესაბამისი გარანტია. იმ შემთხვევაში, თუ საქმე გადაწყდება „რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ და სარჩელი არ დაკმაყოფილდება, იარსებებდა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნისათვის გარანტია, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა კომპანიას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული მატერიალური დანაკლისი აენაზღაურებინა. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან დეკლარირებული სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დასაცავად, მნიშვნელოვანია, მოხდეს როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის ინტერესების თანაზომიერი გატარება და დაცვა.

წყარო http://www.isfed.ge/main/928/geo/

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა